ევროპარლამენტარი: ოცნების სანქცირებული წევრები რეკავენ EU-ში, როგორ შეგვიძლია სიიდან გასვლაო

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა, ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ქართული ოცნების წარმომადგენლებზე მოქმედებს, პერსონალური სანქციებია.
კერძოდ, მისი თქმით, კოლეგებმა ევროკომისიიდან შეატყობინეს, რომ ქართული ოცნების რამდენიმე სანქცირებულმა მაღალჩინოსანმა დარეკა ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვებით, თუ რა ეწეოდათ მათ აქტივებს, როგორ შეძლებენ სანქცირებულთა სიიდან თავის დაღწევას.
“ჩვენ მივიღეთ უნივერსალური გზავნილი. ყველა კოლეგა კომისიიდან ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ამას შეაჩერებდა, არის პერსონალური სანქციები. ერთადერთი, რაზეც მათ რეაგირება მოახდინეს, მათ დაურეკეს ხალხს კითხვებით: რა ბედი ეწია ჩემს აქტივებს, ჩემს სახლს ესპანეთში, ჩემს შვილებს, რომლებიც ბელგიაში სწავლობენ… პერსონალური სანქციები იყო უნივერსალური გზავნილი. ყველა თანამოსაუბრემ, რომელსაც შევხვდით, ისაუბრა ამ ერთადერთ რეაქციაზე, რომელიც წარსულში გვქონდა. დასახელდა რამდენიმე სახელი, რომ მათ დარეკეს ევროკავშირში და არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვით, როგორ შეგვიძლია ამ სიიდან გასვლაო”, – თქვა მან სხდომაზე.
მან ასევე ისაუბრა ქართული ოცნების მიერ მიღებულ ე.წ. FARA-ს კანონზე, ოპოზიციის გაუქმების გეგმაზე და თქვა, რომ ის “თანმიმდევრულად და დეტალურად მიჰყვება ავტორიტარული მმართველობის სახელმძღვანელოს”.
“ქართულმა ოცნებამ თქვა, ოპოზიციას ვაუქმებთო. არ უთქვამთ, რომ ერთპარტიული მმართველობა ექნებათ, თუმცა რეალურად სწორედ ამას აკეთებენ. მათ აღადგინეს ჩრდილოამერიკული კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ, მაგრამ მას სრულად განსხვავებული მეთოდით იყენებენ, ვიდრე ამერიკელები. საქართველოში ეს კანონი სამოქალაქო საზოგადოებირ ორგანიზაციების გასანადგურებლად გამოიყენება, ჩვენს საელჩოებში პრობლემის შესაქმნელად, ყველა საელჩოში, მათ შორის, საც კი”, – აღნიშნა მან.