შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – სინამდვილეში, იდეალურ მონებად ჩამოყალიბდნენ – „მონა, მონა“-ს ძახილი შემთხვევითი არ არის, ეს სინამდვილეში ფროიდისეული წამოცდენაა, ხვდებიან, რომ თავად არიან იდეალური მონები

სინამდვილეში ჩამოყალიბდნენ იდეალურ მონებად. ეს შემთხვევითი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიცია სიტყვა „მონას“ ხშირად იყენებს – „მონა, მონა“ – ძახილი შემთხვევითი არ არის, ეს სინამდვილეში ფროიდისეული წამოცდენაა, ისინი ხვდებიან, რომ თავად არიან იდეალური მონები, რომლებიც ერთ დაძახილზე მზად არიან დადგნენ ცალ ფეხზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ეს არის ჯგუფი, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ ისინი გარედან დასახული ნაბიჯებით მოქმედებენ.
„პირველი საკითხი, რასაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას საყვედურობენ არის ის, რომ არ ვუჯერებთ რასა იუკნევიჩიანეს და სხვებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამბობენ, რომ სწორია არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოძრაობა და საკუთარი ხალხისთვის ყურის დაგდება, არამედ უცხოელებისთვის მოსმენა. სინამდვილეში ჩამოყალიბდნენ იდეალურ მონებად. ეს შემთხვევითი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიცია სიტყვა „მონას“ ხშირად იყენებს – ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი განსაზღვრება, რომელსაც პროექცია ჰქვია. ამ დროს ადამიანი იმისთვის, რომ გაექცეს, დაემალოს თავის უარყოფით თვისებებს, ამის პროეცირებას სხვაზე ახდენს. ასე რომ, „მონა, მონა“-ს ძახილი შემთხვევითი არ არის, ეს სინამდვილეში ფროიდისეული წამოცდენაა, ისინი ხვდებიან, რომ თავად არიან იდეალური მონები, რომლებიც ერთ დაძახილზე მზად არიან დადგნენ ცალ ფეხზე, დაასმინონ საკუთარი სამშობლო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშზე, სადაც ისინი აცხადებენ, რომ ადგილობრივი საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია და მოუწოდებენ ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. პაპუაშვილის განცხადებით, „ რაც შეეხება ამ მოწოდებას, არც თარგმნის და არც ორიგინალის შინაარსი არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს იმ ჯგუფთან, რომელმაც იმავე დოკუმენტში და გუშინდელი განხილვების დროს თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დემოკრატიის აღმშენებელი ამ ქვეყანაში, კვლავ გვყავს შუქურად და უნდა გავათავისუფლოთ.“
„ეს არის ღირებულებით კრიზისში მყოფი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც ვუყურებ და მართლა გამაოგნებელია. გუშინ ვთქვი კიდევაც – „რა შევუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა“. როგორ გვესმის ჩვენ ევროპა და რას ვუყურებთ ჩვენი თვალით – ვუყურებთ აბსოლუტურად საბჭოთა ცეკას დონეზე დასულ განხილვებს, სადაც მიყვანილი ჰყავთ დამსმენები, მოწყობილი აქვთ „ტროიკები“, რომ გაასამართლონ ხალხი. ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე ამ მხრივ განსაკუთრებით ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა. გაგახსენებთ, მან თქვა, რომ მთელი ხალხი, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი არის დამნაშავე ამ ყველაფერში. დამნაშავედ გამოაცხადა მინიმუმ 1 მილიონ 200 ათასი ადამიანი. ამაზე მეტი „ტროიკა“ და ამაზე მეტი საბჭოთა კავშირული აზროვნება რა შეიძლება იყოს?“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ შანსი არავის აქვს მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ვინაიდან პოლიტიკური განაჩენი ქართველმა ხალხმა საბოლოოდ 26 ოქტომბერს გამოიტანა, როდესაც თქვა, რომ „უცხოს მონებს“ ხელისუფლებაში ქართველი ხალხი არ მოიყვანს.
„უცხოს მონები, რადიკალური ოპოზიცია ვერ მოხვდება ხელისუფლებაში. ვინ რა ტაქტიკურად ალაგებს და როგორ ეუბნებიან გარედან, რომ ზოგმა კარგი და ცუდი პოლიციელის როლი შეასრულოს, ზოგი კონსტრუქციულად ჩანდეს და ზოგი დესტრუქციულად, ეს ოპერა და კინო ნანახი გვაქვს. ზუსტად ასე ალაგებდნენ გარედან კარგი და ცუდი პოლიციელის როლში სხვადასხვა ჯგუფებს, როდესაც ერთი მხრივ, ჰყავდათ ცალკე რადიკალური ჯგუფები, რომელსაც რადიკალიზმის და ექსტრემიზმისთვის იყენებდნენ და ჰყავდა თვითონ კონსტრუქციული ჯგუფები, რომელსაც იყენებდნენ იმისთვის, რომ შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს არსებობს ალტერნატივა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც „უცხო ძალის მონა მოვა ხელისუფლებაში ის ქვეყანა სუვერენიტეტს დაკარგავს “