ბრიუსელი და ყველა საელჩო რადგან ასე ერევიან შიდა პოლიტიკაში, უნდა შეეგუონ კრიტიკას. თუკი რამე ევროპულია, ეს არის კრიტიკის ატანა, პასუხის გაცემა და არა ხელის აქნევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მათი მოლოდინია, რომ ევროკავშირის მისია საჯაროდ გაემიჯნება მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან მომდინარე ზიზღის და ძალადობის კამპანიას.
„მათ შორის, მანამდეც მივმართე ევროკავშირის ელჩს, რომ აი, შემთხვევები და მათ შორის, ფაქტები გავუგზავნე. ამ წინა წერილზე მივიღე პასუხი. მე მივწერე კონკრეტული ფაქტები, როდესაც მათი, ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ადამიანები უშვერი სიტყვებით ლანძღავენ პოლიტიკოსებს, თავს ესხმიან პოლიტიკოსებს, დეზინფორმაციას ავრცელებენ, პროპაგანდაა და ა.შ. ფაქტების მეტი რა არის?! ფაქტების სია არის ძალიან გრძელი. ამის საპასუხოდ, წინაზე პასუხად მივიღე – დიახ, რთულია პოლარიზაცია, სამწუხაროა, არცერთი მხარე არავის არ აკლებს და კარგად ბრძანდებოდეთ. ეს არის ყველაფერი. რა არის ჩვენი მოლოდინი? ჩვენი მოლოდინი არის საჯაროდ გამიჯვნა და აი, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. დღესდღეობით, ხელის გულზეა, რომ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-მა ჩახსნა ყველანაირი დაფინანსება ამ მოძრაობების, ერთადერთი დაფინანსება ეს არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების დაფინანსება. შესაბამისად, ყველა ეს სიძულვილი, ძალადობა, პროპაგანდა, დეზინფორმაცია დღეს ფინანსდება ევროკავშირისა, ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან. ყოველდღე რომ გამოდიან ევროპარლამენტში, მათ შორის დღეს რომ ვუსმენდით, რომ მხარს უჭერენ ამა თუ იმ აქტივისტს, თუ ენჯეოს, ამით ხომ ამბობენ, რომ ისინი იწონებენ ქმედებებს, რომელსაც ისინი სჩადიან, როდესაც კონკრეტული ადამიანები უვარდებიან მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრებს, სოციალურ ქსელში თუ პირადად შეურაცხყოფას აყენებენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავენ? ზუსტად ამაზე მქონდა მიმართვა პირადად პაველ ჰერჩინსკის მიმართ. ვწერ, რომ თქვენ მიერ დაფინანსებული ადამიანები თავს ესხმიან, ძალადობენ, უშვერი სიტყვებით ლანძღავენ და საჯაროდ თქვით, რომ ეს არ არის ევროპული საქციელი. ხომ არ ამბობენ საჯაროდ და აი, რატომ არ ამბობენ, რა უღირს, რატომ არ შეძლება, ეს თქვას? იცით, რატომ არ ამბობენ არაფერს? როგორც კი ევროკავშირის ელჩი, რომელიმე ევროკომისარი, ან სხვა ელჩი იტყვის, რომ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრთან მივარდნა, პარლამენტის წევრის უშვერი სიტყვებით ლანძღვა საჯაროდ, შემდეგ ბავშვებზე ასეთი ზეწოლა, ძალადობა, ფეიერვერკებით დაწვა და პოლიციელებზე ქვების სროლა არ არის ევროპული საქციელი, იმავე მომენტში მათ გამოაცლიან იმ ლეგიტიმაციას, რომელსაც დღეს აძლევენ გარედან ამ მოძალადე ჯგუფებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
