“ბოკერია, ჯანაშია, რამიშვილი… ნუ დაელოდებიან დაბარებას, დაბრძანდნენ, ჩვენი კარი ღიაა”, – წულუკიანი კომისიაზე

თეა წულუკიანმა ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩამოთვალა სახელები და გვარები – გიგა ბოკერია, სიმონ ჯანაშია, ლევან რამიშვილი, თეა თუთბერიძე, გიორგი კანდელაკი – და აღნიშნა, რომ ამ ადამიანების “კვლევა კომისიას დასჭირდება”, თუმცა მისივე თქმით, სანამ მათ კომისია დაიბარებს, “შეუძლიათ თავად გამოცხადდნენ და კომისიის კარი მათთვის ღიაა”.
მისივე თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული, 2003 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობა “კმარას”, წევრებმა “თავიანთი ცუდი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტთან ბრძოლაში” და ამიტომ სჭირდება კომისიას მათი კვლევა.
„ნუ დაელოდებიან ჩვენს მოწვევას ან დაბარებას“, – თქვა თეა წულუკიანმა დღეს კომისიის სხდომის დასრულებისას.
“გიგა ბოკერია, სიმონ ჯანაშია, ლევან რამიშვილი, თეა თუთბერიძე, გიორგი კანდელაკი და მთელი “კმარა” და არა მხოლოდ “კმარას” ორგანიზაციის ხალხი. გიორგი ონიანი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა ჩემთვის ნარკოტიკი უნდა ჩაედო თუ იარაღი და ეს დილემა მის ცხოვრებას მუდმივად გაჰყვება თან… ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც შემდგომში რეფორმებს პავლე კუბლაშვილის მოადგილეობიდან ახორციელებდა. ყველა ამ ადამიანმა თავიანთი ცუდი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტთან ბრძოლაში.
ჩვენ ამ გვარ-სახელებთან და მათ როლთან დაკავშირებით კვლევა დაგვჭირდება. ჩვენი მიზანია, იმ ადამიანებს, რომლებიც აწამებდნენ, ანადგურებდნენ ქვეყანას, არ მივცეთ მობრუნების საშუალება.
გარდა ამისა, თუ მათ აქვთ სურვილი, აქ მობრძანდნენ, დაბრძანდნენ, იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ დაგვრჩა, ჩვენი კარი ღიაა. ნუ დაელოდებიან ჩვენს მოწვევასა და დაბარებას.
თუ ზოგიერთი მათგანი ქვეყნიდან არ არის გაქცეული, ნებისმიერ მომდევნო სხდომაზე მათ მოვუსმენთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ 18 თებერვალს განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე დაიბარებდნენ, არ გამოცხადდებოდა. თუმცა, ამასთან, აღნიშნა, რომ თუ მას არ დაიბარებდნენ, “(კომისიის წევრები) ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე აგრესიული მომხრეების თვალშიც კი დასაცინები გახდებოდნენ”.
ბოკერიას თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნით „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ დაპირისპირება, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებასა და რეჟიმს შორის, წინა ხელისუფლებასა და „ოცნების“ ხელისუფლებას შორის დაპირისპირებად წარმოაჩინოს.

ასევე დაგაინტერესებთ

„თავისუფლების მოედანი“ – არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია – ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ