რა წერია ევროპარლამენტის ანგარიშში ადგილობრივ არჩევნებზე

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა, 55 ხმით 14-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა ანგარიშს საქართველოს შესახებ, რომელიც საქართველოში ახალი საპარლამენტო ს საერთაშორისო და დამოუკიდებელი შიდა მონიტორინგის ქვეშ ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ სანამ ასეთი კენჭისყრა არ იქნება ორგანიზებული, ისინი შეინარჩუნებენ საქართველოს ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკას და მოუწოდებენ ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ ძირითადი თანამდებობის პირებისა და რეჟიმის ხელშემწყობი პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის დემოკრატიული უკუქცევისთვის.

ევროპარლამენტის მოხსენება საქართველოს მიერ 2023-24 წლების ევროკომისიის ანგარიშების შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ მოამზადა. კომიტეტმა კენჭი უყარა და მიიღო რამდენიმე შესწორება, მათ შორის 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.

შესაბამისად, რეზოლუციის პროექტში ჩაემატა პარაგრაფი:

„მიანიშნებს, რომ 2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები წარმოადგენს კიდევ ერთ გამოცდას საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობისთვის; მოუწოდებს ოპოზიციას, გამოიყენოს ეს არჩევნები ქართველი ხალხის ერთობის ასახვისთვის დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის სასარგებლოდ — როგორც ეს უკვე გამოჩნდა საპარლამენტო არჩევნების მანიპულაციისა და რეპრესიების წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი აქციებით;

მოუწოდებს, რომ მუნიციპალური არჩევნები ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და ინტენსიური საერთაშორისო დაკვირვების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს ნამდვილად სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე პროცესს.

ამ კონტექსტში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო სისტემისა და მთლიანად დემოკრატიული გარემოს შემდგომი დეგრადაცია მუნიციპალურ არჩევნებამდე; განსაკუთრებით კი, 2024 წლის დეკემბერში საქართველოს საარჩევნო კოდექსში დაჩქარებულად მიღებული ცვლილებები, რომელიც არღვევს თანაბარი ხმის პრინციპს და მიზნად ისახავს მმართველი პარტიის დომინირების გამყარებას მმართველობის ყველა დონეზე; ახსენებს, რომ ამ ცვლილებებს აკრიტიკებს ვენეციის კომისია და მოუწოდებს მათი გაუქმებისკენ; მოუწოდებს უმაღლეს წარმომადგენელს/ვიცე-პრეზიდენტს და წევრ სახელმწიფოებს, განიხილონ დამატებითი ინდივიდუალური სანქციების დაწესება საქართველოს ოფიციალურ პირებზე იმ შემთხვევაში, თუ მომავალი მუნიციპალური არჩევნები ვერ დააკმაყოფილებს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს“.

საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი კომიტეტის შემდეგ განსახილველად პლენარულ სესიაზე გავა.