მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, მის მთავარ მიზანს – ფასების სტაბილურობას წარმატებით უზრუნველყოფს. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელზე შედარებით დაბალ დონეზე ნარჩუნდებოდა, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომელშიც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაჟდენბერგი მონაწილეობდნენ.
ნათია თურნავას თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საშუალო ინფლაცია 1.8% შეადგენს, 2025 წლის მაისის მდგომარეობით კი 3.5% შეადგინა.
მისივე თქმით, საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მაისის მდგომარეობით 2.0% იყო.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიმოხილვის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში საშუალოდ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს 3.4 პროცენტი იქნება. ეს პროგნოზი ხაზს უსვამს იმ ფაქტს რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ეფექტურად უზრუნველყოფს ინფლაციის დონის მიზნობრივთან შენარჩუნებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციური მოლოდინები ეროვნული ბანკის მიერ კარგად მართულია.
„ფონდის რეკომენდაციის მიხედვითაც, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკით ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობა კვლავაც უნდა შეინარჩუნოს“, – დასძინა სებ-ის პრეზიდენტმა.
