ეკა გიგაური – გასაგებია, რატომ უჩივლა ივანიშვილის „ოცნებამ“ კრიტიკულ ტელეარხებს, არ უნდა, ხალხმა სიმართლე გაიგოს, იმაზე რა ხდება საქართველოში და მსოფლიოში – იყავი „მიუკერძოებელი“, რაც ნიშნავს „ჩუმად“

გასაგებია, რატომ უჩივლა ივანიშვილის „ოცნებამ“ კრიტიკულ ტელეარხებს „ტელეკომპანია პირველს“ და „ფორმულას“. მას არ უნდა, რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს, იმაზე თუ რა ხდება საქართველოში და მსოფლიოში , – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში წერს.
„საჩივრების ანალიზისას საინტერესოა გავიგოთ, რა უშლის „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად ნერვებს, კერძოდ, რა შინაარსის ნიუსების „ეშინია“ მმართველ პარტიას და რა არ უნდა გაავრცელოს კრიტიკულმა მედიამ:
კრიტიკული გამოძიებები მმართველი პარტიის კორუფციაზე:
არ გაბედოთ გამოქვეყნდეს სიუჟეტი, რომელიც ეხება თანამდებობის პირების გაუმჭვირვალე ქონებას, ფიქციურ ტენდერებს, „ქართუს“ გავლენებს ან ჩინურ კომპანიებთან დაკავშირებულ გარიგებებს.
მმართველ ძალას აშინებს კითხვები: “ვისია ეს შენობა?”, “როგორ გაიხარჯა ბიუჯეტის ეს თანხა?”, “რატომ მოიგო ტენდერი სანქცირებულმა კომპანიამ?”
დამოუკიდებელი ექსპერტების ან არასამთავრობოების კრიტიკული შეფასებები:
თუ რომელიმე ეთერში გაჟღერდება TI-ს, ISFED-ის, GYLA-ს ან სხვა ორგანიზაციის სიტყვა „დემოკრატიის გაუარესება“, „დაპირისპირებული სასამართლო სისტემა“, „ჩარევა არჩევნებში“ — ეს „მიუკერძოებლობის დარღვევად“ ითვლება.
ფაქტობრივად, ეთერში არ უნდა გაჟღერდეს სიტყვები „ავტორიტარიზმი“, „ელიტური კორუფცია“ ან „სახელმწიფოს მიტაცება“, თუნდაც საერთაშორისო წყაროებზე დაყრდნობით.
ოპოზიციური პარტიების ან სამოქალაქო პროტესტის გაშუქება, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები
არ გაბედოთ აჩვენოთ კადრები, სადაც პოლიცია სცემს მოქალაქეებს, ან სადაც ოპოზიციური ლიდერები საუბრობენ პროკურატურის მიკერძოებულობაზე — ეს უკვე „კამპანიური გაშუქებაა“.
განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იქნეს დაცული, თუ პროტესტზე გიჟღერდება სიტყვა „ევროპული არჩევანი“, „რუსული კანონი“ ან „საბოტაჟი არაა კრიტიკა“.
საარჩევნო დარღვევები ან ძალადობა:
არ გაბედოთ დაწეროთ: „ბიულეტენების ჩაყრა“, „უბნის კომისიის მიკერძოება“, „დამკვირვებლების ზეწოლა“, „დასჯის მოლოდინში მყოფი საჯარო მოხელეები“ — ამას სარჩელი მოჰყვება, რომელიც აცხადებს, რომ ს გაშუქება იყო „ცალმხრივი“.
ირონია, სატირა ან სარკაზმი მმართველი პარტიის მიმართ:
თუ მაყურებელი გაიცინებს ხელისუფლებაზე, ეს შეიძლება აღიქვას „დესტაბილიზაციის მცდელობად“.
მაგალითად: თუ წამყვანმა თქვა — „ბიძინა ამბობს, რომ ევროპა მავნეა, თუმცა მისი ქონება ევროპაშია“ — ეს უკვე კომუნიკაციების კომისიამდე მიდის.
მოკლედ ასე მარტივად „უსაფრთხო მედიის“ გზამკვლევი გააკეთა მმართველმა პარტიამ:
· არ ახსენო ხელისუფლების პასუხისმგებლობა;
· არ აჩვენო პროტესტი როგორც სამართლიანი;
· არ გააშუქო კორუფცია;
· ნუ მიუთითებ სისტემურ ჩარევებზე სასამართლოსა და პროკურატურაში;
· იყავი „მიუკერძოებელი“, რაც ნიშნავს „ჩუმად“”, – წერს ეკა გიგაური.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართლმა ოცნებამ“ კოუნიკაციების კომისიაში უჩივა. „ფორმულას“ ინფორმაციით, მათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მაუწყებლობის შესახებ “კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება”. კერძოდ, მათივე ცნობებით, საუბარია ტერმინებზე: „არალეგიტიმური პარლამენტი”, “ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე”, “ოლიგარქის დეპუტატი”, “რეჟიმის საქალაქო სასამართლო”; “კლანის მსახური მოსამართლე” და ა.შ..