„ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი საერთოდ არ ანაღვლებს, რადგანაც ისინი კრემლის ინტერესებს ემსახურებიან.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დუმს ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით.
„ცალსახაა, რომ ახლა, საგარეო-საერთაშორისო ველზე უნდა იყოს განგაშის ზარები ატეხილი იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორია რუსებზე უვადოდ არ გასხვისდეს, რაც ნიშნავს ოკუპაციის სხვა ეტაპზე გადაყვანას. ეს გაურკვეველი ხელშეკრულებები იქნება უდიდესი პრობლემა, თუ ამ ყველაფერს დაუშვებს საქართველოს ხელისუფლება, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ეს საკითხი არ ანაღვლებს, ემსახურებიან კრემლის ინტერესებს და საერთოდ არ გრძნობენ დისკომფორტს, როდესაც რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე შედის, იჭრება და დამატებით სამუდამოდ ისაკუთრებს რაღაც გაურკვეველი ხელშეკრულებებით საქართველოს ტერიტორიას, რომელიც აუცილებლად იქნება ერთიანი საქართველოს ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.