როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდა. სტატუსის მიღებას ხელისუფლება და ოპოზიცია, საკუთარ მომხრეებთან ერთად ამ დრომდე, ცალ-ცალკე ზეიმობენ.
ეს სტატუსი ნამდვილად არ არის ერთი რომელიმე პარტიის დამსახურება, ვისურვებდი, რომ ხელისუფლებაც მიხვდეს იმას, რომ რაც მეტად იქნება „ჩვენ“ და ნაკლები „მე“ მათ რიტორიკაში, მით უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის, სხვა შემთხვევაში ის მხოლოდ პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს. მეორეს მხრივ, ბუნებრივია ნებისმიერი ხელისუფლება შეეცდება სტატუსის თემი გამოყენებას თენგიზ ფხალაძე, ECIPE-ის უფროსი მკვლევარი
მმართველი პარტიის მთავარი მესიჯი შიდა აუდიტორიისთვის არის ის, რომ ევროკავშირიდან „მწვანე შუქის“ ანთება, მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის იმაში დარწმუნებას ცდილობს, რომ „რუსი ოლიგარქის“ „რუსული პარტია“ სტატუსის მონიჭებასთან არაფერ კავშირშია.
ჯერჯერობით, „ქულების ჩაწერა“ ამომრჩევლის თვალში „ქართულ ოცნებას“ გაცილებით უკეთ გამოსდის. მიზეზი მარტივია, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ მიზანმიმართულად არ შეასრულა ევროკომიის 12 რეკომენდაციიდან უმრავლესობა, რადგან ეს მოთხოვნები, პირველ რიგში, მის ძალაუფლებას უქმნიდა საფრთხეს და ამის მიუხედავად, ქვეყანამ სტატუსი მაინც მიიღო.
„გულწრფელები რომ ვიყოთ საკუთარ თავთან, ეს სტატუსი არის ევროკავშირის მიერ ჩვენთვის მოცემული პოლიტიკური „კრედიტი“, იმიტომ, ის კრიტერიუმები, რომელიც იმ 12 რეკომენდაციაში იყო გამოხატული, სამწუხაროდ არ იქნა შესრულებული“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ.
მისი თქმით, „ეს ჩანს კიდეც იმაში, რომ ის შემდგომი 9 დათქმა, რომელიც თან სდევს ამ სტატუსს, ძირითადად იმეორებს 12 რეკომენდაციის შინაარსს და პლუს კიდე იქ სხვა საკითხებიც არის დამატებული, რომელიც აქამდე არასოდეს ყოფილა საქართველო ევროკაცშირის ურთიერთოებებში. მათ შორის, მოთხოვნა რომ იყოს თანხვედრა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ის რომ არ იყოს ანტიევროპული რიტორიკა და ა.შ.
ეს სტატუსი ნამდვილად არ არის ერთი რომელიმე პარტიის დამსახურება, ნამდვილად ძალიან ბევრი რამ აქვს ხელისუფლებას საკრიტიკო.
მე ვისურვებდი, რომ ხელისუფლებაც მიხვდეს იმას, რომ რაც მეტად იქნება „ჩვენ“ და ნაკლები „მე“ მათ რიტორიკაში, მით უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის, სხვა შემთხვევაში ის მხოლოდ პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს. მეორეს მხრივ, ბუნებრივია ნებისმიერი ხელისუფლება შეეცდება სტატუსის თემის გამოყენებას, მით უმეტეს, რომ წინ არის არჩევნები“ – ამბობს თენგიზ ფხალაძე.
ის, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ეს დიდი გამარჯვება, რომელიც გეოპოლიტიკური ძვრების და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი უფროა, ვიდრე მთავრობის „დასავლური პოლიტიკის“, ვინმეს „გაუყოს“, პირველივე ზეიმზე გამოჩნდა, როცა „ოცნებამ“ სცენაზეც კი არ აუშვა, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციის წარმომადგენლები.