საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ ს საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
საქართველოს სამი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაცია სუსმა 20 მაისს გაავრცელა. მათგან ერთი მალევე გაათავისუფლეს, 20 მაისს დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.

“გიორგი ბოლოთაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ უკანონოდ, – ზოგჯერ საოკუპაციო ხაზთან, ზოგჯერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – განგრძობადი „ბორდერიზაციის“ პირობებში.
2023 წლის 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს.
ამჟამად ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 11 მოქალაქე.
ფორუმი