ვფიქრობ, ნატო-ს მომდევნო სამიტზე თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდის შესახებ შევთანხმდებით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
„ვფიქრობ, ჰააგაში თავდაცვის ხარჯების მაღალ მაჩვენებელზე, 5%-ზე შევთანხმდებით. არ ვიტყვი, თუ როგორი იქნება ინდივიდუალური დანაწილება, მაგრამ სამხედრო ხარჯები 3%-ზე გაცილებით მეტი იქნება და ასევე, ეს თავდაცვის ხარჯების სამიზნეც იქნება“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მანამდე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოფმა განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯების თვალსაზრისით 3.5%-ს უნდა მიაღწიონ, ხოლო ინფრასტრუქტურის, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა საკითხებზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1.5% დახარჯონ.
ცნობისთვის, ნატო-ს 2025 წლის სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება.
