ზურაბიშვილი: “გამარჯვებულია ერთი ქალი, რომელიც ყველას უძლებს, მზია – ის არის ჩვენი ღირსება”

სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე იმყოფება, შეკრებილებს სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
მან ხაზი გაუსვა განსაკუთრებული თარიღების აღნიშვნას ისეთ დროს, როდესაც ქვეყანას ათეულობით პოლიტპატიმარი ჰყავს და დღევანდელი ღონისძიების კონტექსტი იმით ახსნა, რომ ქართველი ხალხი, ისტორიიდან გამომდინარე უკვე გამარჯვებულია და აქვს უფლება იზეიმოს.
მისივე თქმით, გამარჯვებულია მზია ამაღლობელიც და ყველა სინდისის პატიმარიც, რადგან მათ ღირსებაზე უარი არ თქვეს.
“გაუმარჯოს დამოუკიდებლობას, გაუმარჯოს საქართველოს!
დღეს ბევრი შეიძლება კითხულობდეს, რა დროს ზეიმია, რატომ ვზეიმობთ 26 მაისს? რატომ ვზეიმობთ იმ დროს, როცა პატიმრები ციხეში არიან სრულიად უსამართლოდ და მათი მშობლები აქ დგანან, ჩვენთან? რატომ ვზეიმობთ, როცა ქვეყანაში სუფევს უსამართლობა? რატომ ვზეიმობთ როცა დღითიდღე აქრობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, როცა უწყობენ ხელს და შემოჰყავთ საუკუნოვანი მტერი? ეს კითხვა ყველას გვაქვს, რაზეც ჩემი და თქვენი პასუხია – ჩვენ იმიტომ ვზეიმობთ, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ. საუკუნეების მანძილზე საქართველოს ყველაფერს გაუძლო და მოვიდა დღემდე. უკვე გამარჯვებულები ვართ იმიტომ, რომ 117 წლის წინ საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ოკუპაციიდან 70 წლის შემდეგ, საქართველოს იდენტობის გაქრობის მცდელობის შემდეგ, საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს. იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ რეფერენდუმი ჩატარდა და ყველანი ერთად ვიყავით. ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დამოუკიდებლობა უნდა დაგვებრუნებინა. ჩვენ იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ უკვე ორი წელია, რაც საქართველო ქუჩაში დგას და იდგა ყოველთვის, როცა მისი დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება, მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. იდგა 2008 წელს, როცა შემოვიდა . დგას დღეს დან 7 თვის შემდეგ და 6 თვე იმის მერე, რაც არალეგიტიმურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეეწყვიტა ჩვენი გზა ევროპისკენ. დგას საქართველო და გამარჯვებულია ამიტომ.
გამარჯვებულია ერთი ქალი, რომელიც ყველას უძლებს და მას ჰქვია მზია და ის არის ჩვენი სახე და ჩვენი ღირსება. გამარჯვებულია იმიტომ, რომ არცერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე უარი არ თქვა, იმიტომ, რომ არცერთმა მშობელმა თავის შვილის ღირსებაზე უარი არ თქვა და ყველანი ერთად დგანან დღეს, როგორც ჩვენი ღირსების სიმბოლო.
ამიტომ ვართ უკვე გამარჯვებულები და გვაქვს უფლება, რომ დღეს აქ ერთად ვიზეიმოთ 26 მაისი, მაგრამ გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ”, – თქვა ზურაბიშვილმა.
გარდა ამისა, მან ქართულ ჯარსა და პოლიციასაც მიულოცა დამოუკიდებლობის დღე და აღნიშნა, რომ უდა იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც ქართველი ჯარისკაცები, პოლიციელები და მოსამართლეები თავიანთ როლს შეასრულებენ.
“არ შემიძლია დღევანდელი დღე არ ქართულ ჯარს არ მივულოცო. დარწმუნებული ვარ. მას სტკივა დღევანდელი საქართველოს ბედი, სახელმწიფოებრიობის გაქრობა – ყველაფერი, რისთვისაც იბრძოდა და იბრძვის დღეს დაშლილია. მინდა მათ მივულოცო ეს დღე და ვუთხრა, რომ ისინი ჩვენს გულსა და სულში არიან და ჩვენ ვართ ერთად. გაგიკვირდებათ, მინდა ასევე მივულოცო ქართულ პოლიციას. დარწმუნებული ვარ, ესენი არ არიან კოლექტიური დგებუაძეები. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც გული სტკივა ქვეყნის გამო და იმის გამო, რომ დღეს ვერ ასრულებენ მთავარ მოვალეობას, რასაც ქართველი მოქალაქეების დაცვა ჰქვია. მინდა ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ქართველი ჯარისკაცები, პოლიციელები და მოსამართლეები თავიანთ როლს შეასრულებენ.
ეს დღე მოვა! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს დამოუკიდებლობას!”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
· ეს დღე შეხსენებაა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასოდეს უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად – ჰერჩინსკი
· წინააღმდეგობის პლატფორმა: 26 მაისს საზოგადოება იკრიბება ერთადერთი მიზნით – დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად
· “სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის”: ყველაფერი, რაც ანაწევრებს პროტესტს, ჩვენს მიზნებს ეწინააღმდეგება