მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოში ფოიერვერკის და სხვა პიროტექნიკის ნაწარმის იმპორტი ნულოვან ნიშნულზე იყო, რაც სავარაუდოდ “ოცნების” მთავრობის მიერ ამოქმედებული რეგულაციებით აიხსნება.
საქმე ის არის, რომ 2025 წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები ამოქმედდა. რეგულაციები ვრცელდება როგორც იმპორტზე, ექსპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე, ისე შეძენასა და გამოყენებაზე.
აპრილის კლება სეზონურობით ვერ აიხსნება, რადგან გასული წლის აპრილში ქვეყანამ 2.2 მლნ აშშ დოლარის პიროტექნიკა შეიძინა. წელს, შემცირებაა 4 თვის მონაცემებითაც. 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 2.9 მლნ აშშ დოლარის სხვადასხვა სახის ფოიერვერკი იყიდა, წელს კი მხოლოდ 314.2 ათასი დოლარის. ამასთან, წელს თითქმის სრული მოცულობა 313 ათასი ჩინეთიდან შემოვიდა.
კანონმდებლობით დადგენილი ნებართვის/ლიცენზიის გარეშე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია გამოიწვევს 5 000-დან 6 000 ლარამდე დაჯარიმებას. სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა 2 000 ლარით ისჯება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა გასამმაგდება, რასაც შესაძლოა ნებართვის/ლიცენზიის გაუქმება მოჰყვეს.
ასევე, გამკაცრდა კონტროლი არასრულწლოვნებისთვის ან უფლების არმქონე პირებისთვის პიროტექნიკის მიყიდვაზე, რისთვისაც 2 000-დან 3 000 ლარამდე ჯარიმაა დაწესებული. თავად უფლების არმქონე პირის მიერ პიროტექნიკის შეძენა, ფლობა ან/და გამოყენება 1 000-დან 2 000 ლარამდე ჯარიმით დაისჯება, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
მძიმე შედეგის გამომწვევი ქმედებების შემთხვევაში, როგორიცაა პიროტექნიკის არასწორი აღრიცხვა, შენახვა, გადაზიდვა ან უკანონო გადაგზავნა, გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა – ჯარიმა, შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული რეგულაციების შემოღება უკავშირდება “ქართული ოცნების” მიერ პროევროპულ აქციებზე პიროტექნიკის გამოყენების საპასუხოდ მიღებულ ზომებს, მათ შორის მაღაზიების დალუქვასა და ახალი კანონმდებლობის ამოქმედებას.
წყარო: bm.ge
