ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ სამი პირი დააკავა ახალი სამხედრო ხომალდის წყალში ჩაშვების დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ იტყობინება სააგენტო ფრანს-პრესი (Agence France-Presse) ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით.
სააგენტოს ინფორმაციით, „სერიოზული ინციდენტი მოხდა“ 21 მაისს, ჩონჯინის აღმოსავლეთ პორტში, 5000 ტონიანი საესკადრო ნაღმოსნის („ესმინეცის“) წყალში ჩაშვების საზეიმო ცერემონიის დროს. ცნობის თანახმად, სერიოზულად დაზიანდა გემის ფსკერის ნაწილები. ცერემონიას ესწრებოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, რომელმაც ინციდენტს საჯაროდ უწოდა „აბსოლუტური დაუდევრობით გამოწვეული კრიმინალური ქმედება“.
KCNA-ს ცნობით, დაკავებულები არიან: კანგ იონგ-ჩული – ჩონჯინის გემთსაშენი ქარხნის მთავარი ინჟინერი; ჰან გენ ჰაკი – კორპუსის კონსტრუქციის სახელოსნოს ხელმძღვანელი და კიმ იანგ ჰაკი – ადმინისტრაციულ საკითხებში მმართველის მოადგილე. სამივე მათგანი მიჩნეული იქნა „ინციდენტზე პასუხისმგებლად“.
23 მაისს კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გემთმშენებელი ქარხნის დირექტორი ჰონგ გილ-ჰო სამართალდამცავებმა ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს.
სამხრეთ კორეის სამხედრო წარმომადგენლებმა, სეულისა და შეერთებული შტატების ერთობლივი სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ ხომალდის წყალში გვერდულად ჩაშვების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგან მცურავი საშუალება დახრილ მდგომარეობაში დარჩა. თუმცა, KCNA-ს წყაროების ცნობით, „გემის წყალქვეშა და შიდა შემოწმებამ აჩვენა, რომ გემის ძირის მთლიანობა არ დარღვეულა და, რომ შესაბამისად დაზიანების მასშტაბი შეფასდა, როგორც „არასერიოზული“.
სამხრეთ კორეის სამხედროები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გემი ზომითა და შესაძლებლობებით შეესაბამება „ჩხვე ჰიონის” სიტსემის “ესმინეცს” – ჩრდილოეთ კორეის მიერ 2025 წლის აპრილში გამოცხადებულ საესკადრო ნაღმოსანს. ფხენიანმა მაშინ განაცხადა, რომ „ჩხვე ჰიონი“ აღჭურვილია „ყველაზე მძლავრი შეიარაღებით“ და, რომ საბრძოლო მორიგეობას მომავალი წლიდან შეუდგებოდა.
სეული არ გამორიცხავს, რომ „ჩხვე ჰიონი“ რუსეთის დახმარებით შეიქმნა, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნილი ათასობით ჯარისკაცის სანაცვლოდ. ანალიტიკოსებიც მიიჩნევენ, რომ გემი, რომლის წყალში ჩაშვებასაც ჩრდ. კორეა ცდილობდა, შესაძლოა მართლაც რუსეთის ტექნიკური მხარდაჭერით აშენდა.
სპეციალისტების ვარაუდით, ხომალდი აღჭურვილია სამი ტიპის 74 რაკეტის გამშვები ვერტიკალური სისტემებით; ერთი 100-130 მმ-იანი საარტილერიო ქვემეხით; ორი ექვსლულიანი 30 მმ-იანი საარტილერიო სისტემით; ერთი საზენიტო-საარტილერიო კომპლექსითა და, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების გამშვები მოწყობილობებით.
ფორუმი
