როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების კურსკის ოლქიდან განდევნის შემდეგ, რუსეთის ჯარმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზონის შექმნის დავალების შესრულება დაიწყო.
„სამხედრო ნაწილები ყოველდღიურად განაგრძობენ წინსვლას, ხდება მტრის განდევნა სახელმწიფო საზღვრიდან, რათა შეიქმნას „სანიტარიული ზონა“ და უზრუნველყოფილ იქნას რუსეთის სასაზღვრო რეგიონების მოსახლეობის უსაფრთხოება“, – განაცხადა რუსეთის არმიის ჩრდილოეთის ჯარების დაჯგუფების პრესცენტრის ხელმძღვანელმა იაროსლავ იაკიმკინმა.
მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა აიღეს უკრაინის სუმის ოლქში მდებარე მარინოსა და ლოკნიას დასახლებები. გარდა ამისა, „ჩრდილოეთის“ დაჯგუფებამ „მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია“ ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოლჩანსკის მიდამოებში.
22 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის ჯარი რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ ბუფერული ზონის შექმნის პრობლემას წყვეტს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აპრილის ბოლოს გამოაცხადა, რომ სრულად გაათავისუფლა კურსკის ოლქი უკრაინელი სამხედროებისგან, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
2024 წლის ზაფხულში უკრაინელმა სამხედროებმა შეტევის შედეგად დაიკავეს რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიის ნაწილი. შემდგომში, როგორც ვარაუდობენ, რუსეთმა ამ ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი დაიბრუნა, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ კიდევ უჭირავთ სუჯა და დაახლოებით 500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია.
ფორუმი
