25 მაისს რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეების კიდევ ერთი გაცვლა განახორციელეს – ამჯერად „303 303-ზე“ ფორმულით. ამის შესახებ განაცხადეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
„აუცილებლად დავაბრუნებთ თითოეულ მათგანს“, – დაწერა ზელენსკიმ თავის Telegram არხზე.
25 მაისის გაცვლით დასრულდა სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების ეტაპობრივი გაცვლის შეთანხმება ფორმულით „1000 1000-ზე“, რომელიც მიღწეული იქნა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის სტამბოლში 16 მაისს გამართულ მოლაპარაკებებზე. ექსპერტთა შეფასებით, ეს იყო ორ ქვეყანას შორის პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები ბოლო სამი წლის განმავლობაში.
ტყვეთა გაცვლის წინა ორი ეტაპი 23 და 24 მაისს გაიმართა. 23 მაისს მხარეებმა ერთმანეთს გადასცეს 270-270 სამხედრო ტყვე და 120-120 მშვიდობიანი მოქალაქე. 24 მაისს კი სამხედრო ტყვეების გაცვლა განხორციელდა „307 307-ზე“ ფორმულით“.
ტყვეების გაცვლის პარალელურად არ შეწყვეტილა რუსეთის ყოველდღიური მასობრივი საჰაერო იერიშები უკრაინაზე როგორც დრონებით, ასევე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით.
რუსეთსა და უკრაინას შორის ბოლოს ტყვეთა მასშტაბური გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით 19 აპრილსა („246 246-ზე“ ფორმულით) და 6 მაისს („205-205-ზე“ ფორმულით) განხორციელდა.
ფორუმი
