EU აპირებს, 45 აშშ დოლარამდე დაწიოს საფასო ჭერი რუსულ ნავთობზე და დააწესოს აკრძალვები „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე – სანქციების მე-18 პაკეტის დეტალები
გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირი სანქციების მე-18 პაკეტით გეგმავს, საერთაშორისო გადარიცხვის სისტემა SWIFT-იდან 20-ზე მეტი რუსული ბანკი გათიშოს.
ასევე, Bloomberg-ის თანახმად, EU აპირებს, 45 აშშ დოლარამდე დაწიოს საფასო ჭერი რუსულ ნავთობზე და დააწესოს აკრძალვები „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე.
გამოცემა წერს, რომ ევროკომისია ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან კონსულტაციებს გადის.
ევროკავშირი ასევე აპირებს, დააწესოს ახალი სავაჭრო შეზღუდვები, რაც რუსეთის შემოსავლებს €2.5 მილიარდით შეამცირებს და შეუზღუდავს წვდომას ტექნოლოგიებზე, რაც საჭიროა იარაღების საწარმოებლად.
რუსულ ნავთობზე საფასო ჭერი ამჟამად $60-ია – „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მომსახურების მიმწოდებლებს ეკრძალებათ ნავთობის ტრანსპორტირება და გაყიდვების მომსახურება, თუ ფასი ამ ლიმიტს აღემატება.
ევროკავშირმა რუსეთის 10 უმსხვილეს ბანკს სანქციები 2022 წლის მარტსა და ივნისში დაუწესა და SWIFT-იდან ჩახსნა. თუმცა, რუსეთში დღემდე რჩება 20-ზე მეტი ბანკი, რომელსაც შეზღუდვები არ შეხებია.
წყარო: publika.ge
