გუშინ, 23 მაისს თბილისის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, საბა ბუაძე აცხადებს, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას კვორუმის შექმნაში მათი თანაგუნდელი დაეხმარა.
„ძლიერი საქართველოს“ („ლელო“) ლიდერი „ფეისბუკში“ წერს, რომ ამ მიზეზის გამო მიხეილ კაკაურიძე პარტიიდან გარიცხეს. ბუაძე ამბობს, რომ ყოფილმა თანაგუნდელმა დაარღვია „2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიტაცების შემდეგ არსებული პოლიტიკური ბოიკოტი“.
„სამწუხაროდ, საერთო ოპოზიციური ბოიკოტის და მკაფიო მოწოდების მიუხედავად, “ძლიერი საქართველოს” გლდანის შტაბის წარმომადგენელმა და საკრებულოს წევრმა, მიხეილ კაკაურიძემ, რომელიც 2024 წელს შემოგვიერთდა, დაარღვია აღნიშნული ბოიკოტი და დაეხმარა “ქართულ ოცნებას” კვორუმის შექმნაში, რის გამოც როგორც “ძლიერი საქართველოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან“, – აცხადებს საბა ბუაძე.
რადიო თავისუფლება ცდილობს მიხეილ კაკაურძესთან დაკავშირებას. მისი პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
თბილისის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიხეილ კაკაურიძემ თვითმმართველობის სტრუქტურებში მუშაობა 2009 წლიდან დაიწყო:
· 2009-2010 წლებში იყო გლდანის რაიონის საუბნო სამსახურის უფროსის მოადგილე;
· 2010-2017 – გლდანის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი;
· 2017-2021 – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მრჩეველი;
· 2021 – დღემდე – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი.
ფორუმი
