ევროკავშირი უნგრეთისთვის ხმის უფლების პოტენციურ ჩამორთმევას განიხილავს

ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭო 27 მაისს უნგრეთთან დაკავშირებით განიხილავს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ მექანიზმს, რომელმაც მომავალში შესაძლოა, სანქციების დაწესება, მათ შორის ხმის უფლების შეჩერება გამოიწვიოს.
ეს იქნება მერვე მოსმენა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა 2018 წელს უნგრეთის წინააღმდეგ მე-7 მუხლის პროცედურები დაიწყო.
მე-7 მუხლი წარმოადგენს ევროკავშირის იურიდიულ მექანიზმს, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე წევრი ქვეყანა არღვევს ან საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებებს. მექანიზმი ითვალისწინებს ევროკავშირის ღირებულებების დაცვის ორ მექანიზმს: პრევენციული ზომების გატარებას და სანქციებს.
საბჭოს წევრების 4/5-ს (22 სახელმწიფო) შეუძლია დაადგინოს, რომ არსებობს წევრი სახელმწიფოს მიერ ფუნდამენტური პრინციპების სერიოზული დარღვევის აშკარა რისკი და გააკეთოს შესაბამისი რეკომენდაციები.
თუ წევრი სახელმწიფო სერიოზულად და მუდმივად არღვევს ევროკავშირის ღირებულებებს, მე-7 მუხლი უფრო მკაცრი ზომების მიღების საშუალებას იძლევა, მათ შორის სანქციების. ევროკავშირის შესაბამისი ქვეყნის წინააღმდეგ შესაძლო სანქციები მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ევროკავშირის ხელშეკრულებებში, მაგრამ ეს შესაძლოა, ითვალისწინებდეს ხმის უფლების შეჩერებას.
სანქციების ეტაპზე საქმეში ერთვება ევროპული საბჭო. იმ შემთხვევაში, თუ ევროპული საბჭო ერთხმად დაადგენს, რომ წევრი სახელმწიფო სერიოზულად და მუდმივად არღვევს ევროკავშირის ღირებულებებს, ევროკავშირის საბჭოს შეუძლია შეაჩეროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზოგიერთი, მათ შორის ხმის მიცემის უფლება. ეს გადაწყვეტილება მიიღება კვალიფიციური უმრავლესობით.
ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელთან დაკავშირებითაც მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა განიხილება, არ მონაწილეობს არცერთ კენჭისყრაში.
მე-7 მუხლით გათვალისწინებული მექანიზმი ამოქმედებულია სულ ორჯერ: 2017 წელს პოლონეთის მიმართ, რომელიც დაიხურა 2023 წლის ს შემდეგ პოლონეთში და 2018 წელს უნგრეთის მიმართ (მიმდინარე). არცერთი შემთხვევა ჯერ სანქციების ფაზამდე არ მისულა.