აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში VISA-ს ბიზნესს ლაუნჯი მოეწყობა. შესაბამის დოკუმენტს ხელი აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და VISA-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში დიანა კიღურაძემ მოაწერეს.
ბიზნესს ლაუნჯის სივრცის მოწყობის მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში VISA-მ გაიმარჯვა, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის ვადაში აეროპორტის გაფრენის დარბაზში შესაბამის სივრცეს მოაწყობს.
ხუთი წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბიზნესს ლაუნჯი გაფორმებული იქნება VISA-ს ბრენდის ფერებითა და კონცეფციით. ბიზნესს ლაუნჯის მართვას აეროპორტების გაერთიანება თავად განახორციელებს.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თანამედროვე სტილში შესრულებული ბიზნესს ლაუნჯი გაფრენის დარბაზში (სარეჟიმო ტერიტორია) პირველ და მეორე სართულზე მდებარე 270 კვ.მ სივრცეში განთავსდება და ერთდროულად 70 ადამიანის მომსახურებაზე იქნება გათვლილი.
