“ჯორჯიან მანგანეზს” ბიუჯეტის წინაშე ₾6 მილიონის საგადასახადო დავალიანება აქვს

მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით, შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე 5 912 112.23 ლარის საგადასახადო დავალიანება ერიცხება.
ინფორმაცია BMG-მ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ იმ კომპანიების რიცხვშია, ვინც ფინანსურ ანგარიშგებას არ აქვეყნებს. შესაბამისად, უცნობია ფეროშენადნობების უმსხვილესი ადგილობრივი მწარმოებლის შემოსავლების და მოგება/ზარალის ოდენობა.
რატომ არ აქვეყნებს “ჯორჯიან მანგანეზი” ფინანსურ ანგარიშგებას reportal.ge-ზე? – 2023 წელს BMG-ის “ჯორჯიან მანგანეზში“ უთხრეს, რომ „ჯორგიან მანგანეზი“ ფინანსურ ანგარიშგებას ამერიკული – U.S. GAAP-ის პრინციპით ამზადებს, reportal.ge კი IFRS პრინციპით მომზადებულ ანგარიშგებას ავალდებულებთ, ახალ სისტემაზე გადაწყობა კი კომპანიისთვის დიდი ხარჯია. “… ამ კრიზისის პირობებში და მანამდეც, ეს იმდენად დიდი ხარჯია, რომ გვირჩევნია 30 000 ლარი ჯარიმა გადავიხადოთ, ვიდრე გადავეწყოთ და მთელი ფინანსური ჯგუფის ძალისხმევა ამაზე მივმართოთ“, – განმარტა BMG-სთან კომპანიის წარმომადგენელმა გიორგი ტატიშვილმა.
ფინანსური ანგარიშგებების არგამოქვეყნების გამო, რამდენიმე დღის წინ „ჯორჯიან მანგანეზი“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემაც გააკრიტიკა.
„კანონით კომპანია ვალდებულია წარადგინოს ფინანსური ანგარიშგება, თუმცა საჯაროდ არ აქვეყნებს მას და 30,000 ლარის ჯარიმის გადახდას არჩევს ხოლმე. ამის გამო მისი ფინანსური მდგომარეობის ანალიზი რთულდება“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.