ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე მისულ ხალხს გომელაურის უწყების თანამშრომლები ეზოში არ უშვებენ. საქალაქოში შევიდა მხოლოდ ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც სხდომათა დარბაზში ეტევა. საუბარია დაახლოებით 20 ადამიანზე. მოქალაქეების დიდი ნაწილი კი ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, სასამართლოს ჭიშკართან დგას, სადაც სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა მათ ეზოში შესვლის უფლებას არ აძლევს.
თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძე “პირველების” კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ეზოში პოლიციელების მანქანები დგას და “ხალხის ადგილი არ არის” – “რამდენიც დაეტევა, იმდენი დაესწრება. იდგნენ სადაც დგანან”.
თუ რატომ დგას ამდენი სამართალდამცველის მანქანა სასამართლოს ეზოში, ვაჟა სირაძე ირწმუნება, რომ “უსაფრთხოებიდან გამომდინარე”. თუმცა რა რა საფრთხეს ელდოება გომელაურის უწყება, ამაზე სირაძეს პასუხი არ აქვს.
- წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა.
მისი სასამართლო პროცესი დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლე დიდი ალბათობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.
საქმის განხილვის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერების შეკრებაა დაანონსებული. ზურა ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ დრეს ხელბორკილები პირდაპირ სხდომათა დარბაზში დაადონ.
- შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
- ცნობისთვის, “ოცნების “საგამოძიებო კომისიაზე” არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.