„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი კაკლოვანი კულტურების, მათ შორის ნუშის, წარმოების პოტენციალის ათვისებას“ – დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში, კომპანიის „ივრის ფერმები” ნუშის ბაღები დაათვალიერა. კომპანია სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარია – სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და „დანერგე მომავლის“ საგრანტო პროგრამით.
კომპანია „ივრის ფერმები”, რომელიც 2022 წელს დაარსდა, ორიენტირებულია კაკლოვანი კულტურების წარმოების თანამედროვე მოდელის განვითარებაზე. დღეისათვის კომპანიის ნუშის ბაღები 350 ჰექტარს მოიცავს.
დავით სონღულაშვილმა ქვეყანაში კაკლოვანი კულტურების, მათ შორის ნუშის, წარმოების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენებას.
„ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო პროექტების ხელშეწყობით, ინტენსიურად დაიწყო კაკლოვანი კულტურების ბაღების გაშენება. ქართული თხილის, ნუშის და კაკლის წარმოება სულ უფრო მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქმნება სულ უფრო მეტი ქართული პროდუქცია, მოთხოვნა იზრდება საერთაშორისო ბაზრებზეც, რაც ექსპორტის მაჩვენებლებში ისახება; შედეგად, ძლიერდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს. ჩვენი მიზანია, მეტი დოვლათის შექმნას შევუწყოთ ხელი, რაც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გარანტიის საფუძველია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
კომპანია „ივრის ფერმები” აქტიურად თანამშრომლობს ესპანელ ექსპერტებთან და იყენებს მათ მიერ შემუშავებულ ფიტოსანიტარიულ და განოყიერების გეგმებს, რომლებიც მორგებულია ბაღის საჭიროებებზე და თანხვედრაშია ევროპულ რეგულაციებთან. ბაღები უზრუნველყოფილია თანამედროვე საირიგაციო სისტემით, რომელიც მდინარე ივრიდან მარაგდება. წვეთოვანი საირიგაციო სისტემის ეფექტიანი გამოყენებისა და „ივრის ფერმების“ სასაწყობე სივრცის ელექტრიფიკაციისთვის კომპანიამ 1.75 მეგავატიანი ელექტროქსელიც შექმნა.
„სამ წელიწადში შევძლებთ ექსპორტზე გავიტანოთ 160 ტონამდე ნუში, ხოლო როცა ბაღები სრულ მსხმოიარობას მიაღწევს, ჩვენი საექსპორტო მოსავლის რაოდენობა უკვე 800-900 ტონამდე გაიზრდება. ჩვენი საქმიანობით ვქმნით სამუშაო ადგილებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის აგრონომიულ და ეკონომიკურ განვითარებაში“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა ნინო ცხადაიამ.
მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს
