მაკკეინის ინსტიტუტი ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის შესახებ ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს.
ტექსტში ამაღლობელისთვის წარდგენილი მუხლი “დრაკონულ ბრალდებადაა” მოხსენიებული, მისი პატიმრობა უსამართლო გადაწყვეტილებად, “ქართული ოცნების” მთავრობა კი – რეჟიმად. მაკკეინის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელი რეჟიმმა საფრთხედ აღიქვა, რადგან მზარდი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე მან აჩვენა “ერთგულება სიმართლის გაშუქებისადმი”.
ტექსტში ხაზგასმულია, რომ საქართველოში უკანონო დაკავებებისა და მედიის შემზღუდავი კანონების განსაკუთრებული სამიზნე სწორედ მზია ამაღლობელისნაირი ჟურნალისტები არიან.
ამაღლობელის პატიმრობის, მისთვის წარდგენილი ბრალის უკანონობის, პროკურატურისა და დაცვის მხარის მტკიცებულებებისა და საქმის პოლიტიკური მოტივების განხილვის შემდეგ, მაკკეინის ინსტიტუტში ასკვნიან, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული პროცესი.
“თავდასხმა ერთზე, არის თავდასხმა ყველაზე” – ამ ქვესათაურის ქვეშ განხილულია ის მსუსხავი ეფექტი, რაც შეიძლება მზია ამაღლობელის პატიმრობამ იქონიოს დამოუკიდიებელ მედიაზე საქართველოში.
“ამაღლობელის დაპატიმრება არ არის თავდასხმა მხოლოდ ერთ ჟურნალისტზე – ეს არის თავდასხმა თავად პრესის თავისუფლებაზე. ყოველი დღე, რომელსაც მზია ამაღლობელი გისოსებს მიღმა ატარებს, არის კიდევ ერთი დარტყმა თავისუფლების იდეაზე საქართველოში. მსოფლიო უნდა დადგეს ამაღლობელის გვერდით და მოითხოვოს მისი გათავისუფლება. მისი სისხლისსამართლებრივი დევნა არის ტრაგიკული დემონსტრირება იმისა, თუ როგორ ისჯებიან ჟურნალისტები მათი საქმიანობისთვის და გაფრთხილება დემოკრატიისთვის მებრძოლი ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით, მედიისთვის. ეს საქმე ქართულ მედია საზოგადოებას უგზავნის დამაშინებელი ეფექტის მქონე შეტყობინებას. გარდა ამის, მისი დაკავება არის შურისძიება მის მედია-გამოცემებზე, “ნეტგაზეთსა” და “ბათუმელებზე”, რომლებიც არიან მზარდი ზეწოლის ქვეშ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას გამოავლინეს მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების მანიპულირებისა და სხვა უკანონო პრაქტიკები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
მაკკეინის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჟურნალისტების განსაკუთრებულ როლს მთავრობების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში. აქვეა აღნიშნული, რომ მაკკეინის ინსტიტუტი მუდმივად უჭერს მხარს ისეთ პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარ თავისუფლებასა და სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად სწორედ ამიტომ, ისინი სიამაყით უჭერენ მხარს მზია ამაღლობელს და ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას მედიის თავისუფლების მიმართ.
დაპატიმრებიდან რამდენიმე კვირაში მზია ამაღლობელი გახდა მაკკეინის ინსტიტუტის ინიციატივის, თავისუფლება პოლიტპატიმრებს” ერთ-ერთი ადრესატი.
ამავე თემაზე:
· მზია ამაღლობელი მაკკეინის ინსტიტუტის ახალი ინიციატივის – “თავისუფლება პოლიტპატიმრებს” სიაშია
