სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილის საქართველოში მიერ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის გინებას. მისი ინფორმაცით, ინციდენტის დროს ელჩი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა და ქოჩიაშვილმა შეურაცხყოფა მის ცოლსაც მიაყენა.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მომხდარი არა ელჩის, არამედ საქართველოს შეურაცხყოფა უფრო არის.
“მინდა გამოვეხმაურო ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რომელიც ეხებოდა გერმანიის ელჩს და მის მეუღლეს. ორივეს მიაყენებს შეურაცხყოფა. მიმაჩნია, რომ ეს უფრო ჩვენი ქვეყნის, საქართველოს შეურაცხყოფაა. ქვეყანა, რომელმაც გერმანიისგან მიიღო უდიდესი დახმარება ამ 30 წლის მანძილზე, ყველა მიმართულებით. თუნდაც, იმ მიმართულებით, რომ დღეს ვინც არის ამ ქვეყნის მმართველობაში, “ქართულ ოცნებაში”, თითქმის ყველამ გაიარეს გერმანული უნივერსიტეტები და იქ მიიღეს განათლება. ეს არის ის ქვეყანა, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და რომლის როლი იყო გადამწყვეტი იმ დროს, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში შესასვლელად. გერმანიის გარეშე არ არსებობს ინტეგრაციის პროცესი. ასე რომ, მე მინდა ჩემი მხრივ – ამაში მნდა გავაერთიანო “წინააღმდეგობის პლატფორმა”, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ბატონი ელჩის და მისი მეუღლის მიმართ. ჩვენ გვყავს მეგობრები ევროპაში, ეს მეგობრები გვეხმარებიან და მე ვიცი, ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მხარს უჭერს, აფასებს და … თვითონაც მითხრა ელჩმა დღეს რომ შევხვდი, რომ ადგილზე, იმ დროს, როცა ვიღაც ლანძღავდა მათ, იყვნენ ძალიან ბევრი ადამიანები, უბრალო ადამიანები, საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც ამოიღეს ხმა და გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა და პატივისცემა ელჩის და მისი მეუღლის მიმართ. მე მინდა მას პირადად დიდი მადლობა ვუთხრა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პროპაგანდისტულმა არხმა POSTV- მ გაავრცელა ვალერი ქოჩიაშვილის ვიდეო, სადაც ის ამაყად ამბობს, რომ 18 მაისს, ბათუმში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს რესტორანში შეხვდა და აგინა. ვალერი ქოჩიაშვილი ტიკტოკზე სხვა ვიდეოებსაც ავრცელებს, სადაც უკვე ჩანს, რომ მას რესტორნიდან აძევებენ ხმაურის გამო.
ვალერი ქოჩიაშვილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც გამოირჩევა ტიკტოკში აქტიურობით. ის სოციალურ ქსელში აქტიურად აკრიტიკებს და ლანძღავს ოპოზიციას.
ამავე თემაზე:
· გერმანიის საელჩო ადასტურებს, რომ ბათუმში ელჩს ვალერი ქოჩიაშვილმა აგინა
