1 ივნისიდან ქუთაისის აეროპორტისკენ მიმავალი ავტობუსები ვალდებულები იქნებიან მხოლოდ ავტოსადგურებიდან გავიდნენ

1 ივნისიდან საქალაქთაშორისო მგზავრთ გადაყვანებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. რეგულაციები შეეხებათ ქუთაისის აეროპორტის მიმართულებაზე მომუშავე სატრანსპორტო კომპანიებსაც. ავტობუსები ქალაქის ცენტრში მგზავრების შეკრებას ვეღარ შეძლებენ და სასტარტო ლოკაცია მათთვისაც ქალაქის ავტოსადგურები იქნება.
„ომნიბუს ექსპრესის“ დირექტორი ირაკლი კაბულაშვილის თქმით, საცობები თბილისში გადაადგილებას მნიშნელოვნად ართულებს და მაგალითად, ქუთაისის აეროპორტამდე მარშრუტის დრო გაიზრდება.
“ამ შემთხვევაში ჩვენი გასვლები ხორციელდება ელბაქიძის ქუჩიდან და მგზავრებისთვის ჩვენი სერვისი საკმაოდ კომფორტული იყო. რეგულაციის მიხედვით, ეს გადაყვანა საქალაქთაშორისო გადაყვანების ფორმატში მოხდება, რის გამოც ჩვენ შეგვექმნა ვალდებულება, რომ მოხდეს მგზავრების გაყვანა და ავტობუსების გაყვანა უშუალოდ სადგურებიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს, რომ კონკრეტულად ქუთაისის აეროპორტის შატლის სერვისი არ ყოფილიყო განხილული როგორც საქალაქთაშორისო რეისი, რადგან თვისობრივად ეს არის განსხვავებული სერვისი. ჩვენ ერთი ქალაქიდან აყვანილი მგზავრები ჩაგვყავს მეორე ქალაქში, ჩვენ არ გვყავს გზაში მგზავრების აყვანის საშუალება. ამ ეტაპზე აღნიშნულ რეგულაციაში ჩვენის სერვისი ჯერჯერობით მაინც ხვდება, რის გამოც მგზავრებს დისკომფორტი შეექმნებათ.
სავარაუდოდ, თუ ეს მოხდა მოგვიწევს ორთაჭალის ავტოსადგურიდან გამოსვლა, იმავე ავტოსადგურიდან, საიდანაც სხვა მიმართულებები გადის. ორთაჭალის ავტოსადგური დღეს ინფრასტრუქტურულად სხვებზე ნამდვილად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე სხვა დანარჩენი სადგურები. ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ქალაქის მეორე ნაწილშია და მგზავრებს, რომლებიც დღეს გლდანიდან, დიღმიდან და საბურთალოდან არიან, ორმაგი გზის გავლა მოუწევთ, შემდეგ იგივე გზა თავიდან უნდა გაიარონ რომ მოხვდენენ ქუთაისის აეროპორტში. ეს მგზავრობის დროის გაზრდას გამოიწვევს, და დღეს თბილისიდან ქუთაისის აეროპორტამდე გზა თუ 3.5 სთ-ია, მგზავრობა 5 საათამდე გაიზრდება, რადგან ქალაქში მანძილის გავლა საცობების პირობებში მგზავრობის დროს გაზრდის”, – ამბობს „ომნიბუს ექსპრესის“ დირექტორი ირაკლი კაბულაშვილი.
როგორც ცნობილია, ავტოსადგურები და მგზავრთგადამყვანი ოპერატორები ახალი რეგულაციებისთვის ემზადებიან. ავტოსადგურებმა 1 ივნისამდე სერტიფირება უნდა მოასწრონ, მძღოლებს კი რეგულაციის მიხედვით, 1-ელი ივნისიდან 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებული პუნქტებიდან მგზავრების გადაყვანა მხოლოდ M3 კატეგორიის ტრანსპორტით – ავტობუსით შეეძლებათ.