კომპანია „100% ბამბა“, რომელიც აქამდე მომხმარებლებს ბამბის ნაყინითა და კლასიკური მარილიანი პოპკორნით ანებივრებდა, ახლა წარმოებაში „გურმე“ პოპკორნი დაამატა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ნატა ნათაძემ, BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
„ჩვენ წარმოებაში დავამატეთ გურმე პოპკორნი. მომხმარებელს უკვე შეუძლია დააგემოვნოს გემოების სხვადასხვა ვარიაცია – ყველის, ბეკონის, მანგოსა და ჩილის, პაპრიკის და სხვა სახეობები. ამ მიმართულებით ბაზარზე ინტერესი მანამდე გაჩნდა, როდესაც ერთ-ერთმა კომპანიამ დაიწყო მსგავსი პოპკორნის წარმოება და საკმაოდ დიდი მოთხოვნა ჰქონდა. მოგვიანებით, ჩვენ შევიძინეთ მათგან როგორც დანადგარები, ისე რეცეპტები და ახლა უკვე თავად ვაგრძელებთ საქმიანობას“, – აღნიშნა ნათაძემ.
მისი თქმით, პროდუქტის წარმოება სპეციალურად მოწყობილ საწარმოში მიმდინარეობს, რადგან დანადგარები და თვითონ პროდუქტიც დიდ სივრცეს საჭიროებს. განსხვავებით მარილიანი პოპკორნისგან, რომელიც თბილ მდგომარეობაში იყიდება, გურმე პოპკორნის თბილ მდგომარეობაში გაყიდვის საჭიროება არ არის.
ამ ეტაპზე, პროდუქტი მხოლოდ „100% ბამბას“ ობიექტებში – „სითი მოლისა“ და „ისთ ფოინთის“ ფილიალებში იყიდება. კომპანიას ასევე გამოძახების სერვისი აქვს, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ბამბის ნაყინი და პოპკორნის ნაირსახეობა სახლიდან გაუსვლელად მიიღონ.
ნატა ნათაძის თქმით, მიმდინარეობს შეფუთვის ახალი დიზაინის დამუშავება: „ვმუშაობთ ყუთების ბეჭდვაზე, რომელიც უფრო დიდი მოცულობის იქნება და უზრუნველყოფს პოპკორნის უსაფრთხო ტრანსპორტირებას. ამ ეტაპზე, მცირე და საშუალო ზომის შეფუთვები გვაქვს, ასევე კონუსები, სადაც იქვე, ადგილზე იყრება პოპკორნი“, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და დასძენს, რომ მათი პოპკორნის ფასები განსხვავებულია: ხილის მიქსის პატარა ჭიქა 5.50 ლარიდან იწყება, პიკანტური გემოები – 6 ლარიდან, ხოლო კონუსში განთავსებული პოპკორნი – 5 ლარიდან.
ნათაძის თქმით, „გურმე“ პოპკორნი განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდება და სპეციალური სახეობის მარცვალს მოითხოვს.
