ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა ელჩის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად დაასახელა უკრაინის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა.
ბრინკმა ელჩს თანამდებობა 2025 წლის აპრილში დატოვა.
მშობლიურ მიჩიგანში დაბრუნებულმა ბრიჯიტ ბრინკმა 16 მაისს, გამოცემა Detroit Free Press-ში გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც აღნიშნავს, რომ პატივს სცემს აშშ-ის პრეზიდენტის უფლებას და პასუხისმგებლობას, განსაზღვროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, მაგრამ ვეღარ შეძლო ამ პოლიტიკის კეთილსინდისიერად გატარება, რადგან ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის დაწყებისთანავე ეს პოლიტიკა იყო ზეწოლა არა აგრესორ რუსეთზე, არამედ მსხვერპლ უკრაინაზე.
ამერიკელი დიპლომატის პოზიციაა, რომ შეერთებული შტატების ინტერესების დაცვის ერთადერთი გზაა დემოკრატიის დაცვა და ავტოკრატებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობა ნებისმიერ ფასად კი არა მშვიდობა, არამედ დაშოშმინებაა და მას ახალი ომები და ტანჯვა მოაქვს.
FT: ბრინკი უკრაინაში ელჩის თანამდებობას ტრამპის ადმინისტრაციასთან უთანხმოების გამო ტოვებს
ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე 2022 წლის აპრილში წარადგინა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. იმავე წლის მაისში სენატმა ბრინკის კანდიდატურა დაამტკიცა. უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრიჯიტ ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში.
2018 წელს ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“ წერდა, რომ აშშ საქართველოში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას გეგმავდა, თუმცა “ქართული ოცნების” მთავრობამ მისი კანდიდატურა დაბლოკა, რადგან ბრინკს მიიჩნევდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად. “ქართულ ოცნებაში” ამას უარყოფდნენ. 2011-2014 წლებში ბრიჯიტ ბრინკი იყო საქართველოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.
წყარო: რადიო თავისუფლება
