„ის, რაც დღეს სასამართლოში ვიხილე, არ არის სამართლის უზენაესობა. მზია ამაღლობელი გააჩუმეს. აბსურდული მტკიცებულებები მოიტანეს – ეს პოლიტიკურად მოტივირებული დევნაა და არა სამართლიანი პროცესი,“ – განაცხადა ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა.
ევროპარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი საქართველოში სპეციალურად მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად ჩამოვიდა.
მისი თქმით, იმედი აქვს, რომ საქართველო დაუბრუნდება თავის ევროპულ გზას და გახდება ევროკავშირის წევრი.
“სასამართლოს გარეთ მხარდამჭერები საათების განმავლობაში სკანდირებდნენ: „თავისუფლება მზიას!“ ეს პროცესი ჩვეულებრივი საქმე არ არის – ეს საქართველოს ევროპული მომავლის გამოცდაა.
იმედი მაქვს, რომ საქართველო დაუბრუნდება თავის ევროპულ გზას და გახდება ევროკავშირის წევრი. ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. ავტორიტარულმა რეჟიმებმა ძალიან კარგად იციან, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მათი ყველაზე დიდი მტერია. ამიტომ მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაც არის”, – წერია განცხადებაში, რომელიც ლენა შილინგმა პროცესის შემდეგ გაავრცელა.
მისივე თქმით, მზია არ არის ერთადერთი და მისი ისტორია ასახავს იმ გლობალურ რეალობას, რასაც მამაცი ქალი ჟურნალისტები აწყდებიან.
„ძალიან ამაღელვა მზიას სიმამაცემ დღევანდელ პროცესზე. ვისაუბრე მის ახლობლებთან, ოჯახთან და მეგობრებთან. ისინი უკვე რამდენიმე თვეა არ ნებდებიან. მათი გამძლეობა და თავგანწირვა აღფრთოვანებას იწვევს.
მზია მთლიანი მოძრაობის ხმაა. მისი სიმამაცე შთააგონებს მთელ საქართველოს და უამრავ ახალგაზრდა ქალს აძლევს იმედს”, – წერია განცხადებაში.
დღეს, 16 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართა, რომელსაც გერმანიის, ესტონეთისა და შვედეთის ელჩები, ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი და ქართველი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.
