SWIFT-დან გათიშვა და აქტივების გაყინვა – რუსეთის მთავარი ბანკირი ყველაზე მტკივნეულ სანქციებს ასახელებს

რუსი ინვესტორებისთვის აქტივების გაყინვა რუსული სანქციების ყველაზე მტკივნეულ ნაწილად მოიაზრება. ამის შესახებ ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, ელვირა ნაბიულინამ ისაუბრა. ის ასევე პრობლემად მიიჩნევს სანქციებს, რომლებიც გავლენას საერთაშორისო გადახდებზე ახდენს.
როგორც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, მსხვილი ბანკები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ შეზღუდვებს, ძირითადად მომზადებულნი იყვნენ ამისთვის. „SWIFT-დან გათიშვა საფრთხეს 2014 წლიდან წარმოადგენდა, ამიტომ ვაშენებდით ეროვნულ გადახდის ინფრასტრუქტურას. ჩვენ გავამრავალფეროვნეთ ჩვენი რეზერვები და გავზარდეთ იუანის და ოქროს წილი“, – განაცხადა ნაბიულინამ.
მისი თქმით, ცენტრალური ბანკის რეზერვების გაყინვა იყო უარყოფითი სიგნალი ყველა ცენტრალური ბანკისთვის, რადგან ეს არის სარეზერვო უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების დარღვევა.
„საერთაშორისო გადახდები კვლავ პრობლემაა, თუმცა ჩვენ ვცდილობთ მის მოგვარებას. ძალიან მტკივნეულ თემად იქცა კერძო პირების – მილიონობით ადამიანის აქტივების ბლოკირება და გაყინვა, რომლებიც სანქციებს არ ექვემდებარებოდნენ, მაგრამ გაყინული აქტივების ქვეშ აღმოჩნდნენ“, – აღნიშნა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.
მან არ გამორიცხა ანტირუსული სანქციების გამკაცრება და ხაზი გაუსვა, რომ ამისთვის მზად უნდა იყვნენ. „ჩვენ შევძელით პასუხის გაცემა მთავარ გამოწვევებზე, თუ ვსაუბრობთ ფინანსურ სექტორზე, მაგრამ ასევე არის პრობლემები ფინანსურ სექტორში, რომლებიც სრულად არ მოგვარებულა, მათ შორის, საზღვრისპირა გადახდები“, – განაცხადა ნაბიულინამ.
ცნობისათვის, სანქციების შემდეგ, დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული რეზერვები გაიყინა. ანალიტიკოსების აზრით, დასავლეთმა მათგან მხოლოდ 80-100 მილიარდი დოლარის პოვნა მოახერხა. ევროკავშირი კი გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციასა და უკრაინისთვის გადაცემის ვერსიას განიხილავს.
bpn.ge