„შვილის მკვლელს აპატია დანაშაული…“- უხუცესი ქისტი, მწერალი ხასო ხანგოშვილი გარდაიცვალა

ქისტი უხუცესი და მწერალი ხასო ხანგოშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას პანკისის ხეობაში ადასტურებენ.
ადგილობრივების განმარტებით, ხასო ხამგოშვილი, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ხშირად ავადმყოფობდა და ექიმებმა რამდენჯერმე მოახერხეს მისი სიცოცხლის გადარჩენა.
„ავადმყოფობდა, განსაკუთრებით, გებიშ ხანგოშვილის ავარიით გარდაცვალების შემდეგ. იმდენად სულგრძელი კაცი იყო, შვილის მკვლელს აპატია დანაშაული. ყველასთვის მაგალითის მიმცემი, ვაჟკაცობის ეტალონი კაცი იყო. დიდი დანაკლისია ხეობისთვის, იმდენ კარგ და სასიკეთო საქმეში იღებდა მონაწილეობას. თავად კავკასიის ხალხი სცემდა პატივს, ძალიან სახელგანთქმული იყო ჩვენი უხუცესი”- ამბობენ პანკისის ხეობის მცხოვრებლები.
ხასო ხანგოშვილი წლების განმავლობაში, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, წევრი და საზოგადოებრივად აქტიური პიროვნება იყო.
ხასო ხანგოშვილი მუდმივად ჩართული იყო, ხეობაში მიმდინარე პროცესების დადებითად რეგულირებისა და გადაწყვეტის საკითხებში, პანკისის სათემო რადიოში მიჰყავდა საავტორო გადაცემა- “ქართულ- ქისტური ურთიერობები”.
პანკისელი უხუცესი, იკვლევდა და წერდა კავკასიელი ხალხის, მათი ცხოვრებისა და ბრძოლის ისტორიაზე.
ხასო ხანგოშვილს ეკუთვნის ისტორიული ნარკვევი ” ქისტები”, მისი რედაქტორობითაა გამოცემული “ქისტური სამართლის კოდექსი”.
2021 წელს, ქისტი მწერალი , საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზისათვის, ნაშრომით “ქისტები (100 ამბავი)” “საბას”პრემიაზე იყო წარდგენილი.