ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს რუსული სამსახური და დამოუკიდებელი გამოცემა, რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად” გამოცხადებული „მედიაზონა“ მოხალისეთა ჯგუფებთან ერთად განაგრძობენ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დაღუპული რუსი სამხედროების ვინაობის დადგენას.
დღეს, 16 მაისს გამოქვეყნებული განახლებული მონაცემებით, მოკლულია 108 608 რუსი სამხედრო. საუბარია მათზე, ვისი ვინაობაც ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა დაადგინეს საჯარო წყაროებით გავრცელებული ცნობებისა და სამხედროთა სასაფლაოების კვლევის საფუძველზე.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოკლული 108 608 რუსი სამხედროდან 5000-ზე მეტი ოფიცერია. მათ შორის 10 გენერალი და 524 პოდპოლკოვნიკი და პოლკოვნიკი. 4000-მდეა დაღუპული უმცროსი ოფიცრების რიცხვი.
BBC-ს და „მედიაზონის“ მიერ 2025 წლის მარტში გამოქვეყნებული მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დადგენილი იყო 99 113 მოკლული რუსი სამხედროს ვინაობა.
რუსეთის და უკრაინის თავდაცვის სამინისტროები თავისი შეიარაღებული ძალების დანაკარგებს არ ასაჯაროებენ.
2025 წლის თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა 45 100 და დაიჭრა დაახლოებით 390 000 უკრაინელი მებრძოლი, რაც თითქმის რვაჯერ ნაკლებია რუსეთის არმიის დანაკარგზე.
ფორუმი
