საელჩომ ოპოზიციურად განწყობილები სტუმართა სიიდან ჩახსნა — ჯინჭარაძე

„თავისუფლების ფონდის“ დამფუძნებელი დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ საქართველოს საელჩომ გაერთიანებულ სამეფოში საინვესტიციო ფორუმის სტუმართა სიიდან ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ამორიცხა.
საქართველო, ლონდონის საფონდო ბირჟასთან ერთად, ხვალ, 16 მაისს, ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს.
სპეციალურად ორგანიზებული ფორუმი საქართველოს მაკროეკონომიკურ პერსპექტივებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს დაეთმობა. დღის წესრიგის თანახმად, ფორუმზე გამომსვლელებს შორის არიან „ქართული ოცნების“ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მისი მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი; ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი; „ს“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე; „ ბანკის“ ფინანსური დირექტორი გიორგი მეგრელიშვილი, ბიზნესმენები სოსო ფხაკაძე, ლევან ვეფხვაძე, გიორგი ჩიქოვანი, ნიკოლოზ ხიდურელი, ლონდონის საფონდო ბირჟის ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელი აიუნა ნეჩაევა და სხვა.
„რამდენიმე ადამიანი დავრეგისტრირდით და ვაპირებდით დავითაშვილისთვის კითხვების დასმას: როგორ აპირებს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი? როგორ აპირებს დალაგებას ბრიტანეთთან, თუ ამის წინ ამერიკაში იყო და ვერ დალაგდა ტრამპის ადმინისტრაციასთან? და რაც მთავარია, როგორ უნდა მოიზიდოს ინვესტიციები ქვეყანაში, სადაც ბიზნესმენებს პოლიტიკური ნიშნით იჭერენ ან ქვეყნიდან გაქცევას აიძულებენ? დამსწრეთა სიას დღეს გადახედა საქართველოს არალეგიტიმურმა საელჩომ ბრიტანეთში და ყველა მათთვის ცნობილი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი ჩახსნა სტუმართა სიიდან. მოგვივიდა წერილი, სადაც რეგისტრაციის ჩახსნის მიზეზად მითითებულია დამსწრეთა დიდი რაოდენობა — თითქოს რიგებში დგებიან ბრიტანელი ინვესტორები საქართველოში ფულის დასაბანდებლად“, — წერს დავით ჯინჭარაძე.
დავით ჯინჭარაძე ფორუმის პარალელურად გარეთ საპროტესტო აქციას აანონსებს.
„ნეტგაზეთი“ კომენტარისთვის დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.