აცხადებს, რომ რუსული საბრძოლო თვითმფრინავი მის საჰაერო სივრცეში შეიჭრა

რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსული “სუ-25” ფინეთის ყურეში იუმინდას ნახევარკუნძულთან შეიჭრა ესტონეთის საჰაერო სივრცეში, სადაც ერთ წუთზე ნაკლები გაატარა.
ისინი აღნიშნავენ, რომ ფრენის გეგმა არ იყო შედგენილი, თვითმფრინავის გადამცემი მოწყობილობა გათიშული იყო და პილოტს ესტონეთის საჰაერო მოძრაობის კონტროლთან ორმხრივი კომუნიკაცია არ ჰქონდა.
პორტუგალიის საჰაერო ძალების F-16 თვითმფრინავებმა, რომლებიც ესტონეთში ნატოს მისიის ფარგლებში იმყოფებიან, დაზვერვითი ფრენა ჩაატარეს.
ინციდენტის შემდეგ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა და დიპლომატიური ნოტა გადასცა.
“ეს ძალიან სერიოზული და სამწუხარო ინციდენტია, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია,” – აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.
რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ესტონეთის წლის ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნის – Exercise Hedgehog-ის – პარალელურად მოხდა, რომელშიც ესტონეთიდან და მოკავშირე ქვეყნებიდან 16,000 სამხედრო იღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახუშტი მენაბდე – უნგრეთის არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია, როგორ გაება თავისსავე მახეში რეჟიმი – ორბანმა საარჩევნო სისტემა ძალაუფლების სტაბილურობის შესანარჩუნებლად შეიმუშავა და ადგებოდა კიდეც 15 წელი, მაგრამ საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა