„საქართველოს ბაზარი გაჯერებულია საფრთხის შემცველი სათამაშოებით“

„ძალიან ბევრი სათამაშო იყიდება ქვეყანაში და წლის განმავლობაში მხოლოდ 130 ნიმუშის შემოწმება ძალიან ცოტაა. მათი უმრავლესობა აღმოჩნდა მოთხოვნებთან შეუსაბამო, რაც აჩვენებს, რომ ბაზარზე ვითარება ნამდვილად მძიმეა“, – ამის შესახებ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილა“-ში ჩართვისას საქართველოში საბავშვო სათამაშოების შემოწმების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მის თქმით, სათამაშოების კვლევა 2021 წლის შუიდან დაიწყო და როგორც ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, საზღვარზე სათამაშოების ყველა პარტია მოწმდება უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის ქონაზე, თუმცა ეს რა თქმა უნდა, არასაკმარისია და კონტროლი უნდა მიმდინარეობდეს ქვეყნის შიგნითაც.
მსოფლიოში არსად შემოიფარგლებიან მხოლოდ დოკუმენტების შემოწმებით. სახელმწიფო კონტროლი უნდა ხდებოდეს ქვეყნის შიგნითაც, ბაზარზე და არა მხოლოდ დოკუმენტური, არამედ ნიმუშების აღება და ლაბორატორიული შემოწმება. საქართველოში მიმდინარე კონტროლი, რომელიც ნიმუშებით ხორციელდება, ძალიან მწირია. მიღებული შედეგები კი მოწმობს იმაზე, რომ სიტუაცია მძიმეა. კონტროლი არ უნდა შემოიფარგლებოდეს საფრთხეების მხოლოდ იმ მცირე ჩამონათვალით, რომელზედაც ჩვენთან სათამაშოები მოწმდება“, – აღნიშნა ვახტანგ კობალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, სათამაშოების წარმოებაში გამოყენებული ერთ-ერთი სახიფათო ნივთიერებაა ფტალატები, რომლის შემცველობაზე შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.
„ჩვენ 2016-2017 წლებში, ჩვენი შეზღუდული ბიუჯეტით შევამოწმეთ 44 ნიმუში და მათგან 21-ში აღმოჩნდა, ფტალატების გადაჭარბებული ოდენობა. ეს ნივთიერება ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციაზე უარყოფითად მოქმედებს, იწვევს უშვილობას და ასევე აზიანებს თირკმელებს.
ბოლო ინფორმაციით, არც დღეს მოწმდება საქართველოში სათამაშოები ფტალატების შემცველობაზე, მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნებში ამის შემოწმება რეგულარულად მიმდინარეობს. გარდა ამისა, სხვა საფრთხეებიც არსებობს და არც მას ამოწმებს სახელმწიფო.
სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ბაზარი გაჯერებულია საფრთხის შემცველი სათამაშოებით“, – აღნიშნა ვახტანგ კობალაძემ.
მისივე განმარტებით, ქიმიურის გარდა, სათამაშოებს აქვს ფიზიკური და მექანიკური საფრთხეები, რაც გულისხმობს, რომ სათამაშოს შეიძლება ჰქონდეს პატარ-პატარა ნაწილებად დაშლის, დენის დარტყმის, ნამსხვრევების, აალების და ა.შ. საფრთხეები. როგორც მან აღნიშნა, არასათანადო კონტროლის ერთ-ერთი საფუძველი საქართველოში შესაბამისი ლაბორატორიების განუვითარებლობაა.
ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ჩართულობა და ვახტანგ კობალაძის თქმით, ამ საკითხზე კონკურენციის სააგენტოში მიმართვიანობა მუდმივად იზრდება.
„კონკურენციის სააგენტო საკმაოდ აქტიურად მუშაობს. თუმცა, ეს ხდება მიმართვებზე რეაგირებისას და არა პროაქტიურად. სააგენტოს არ აქვს რესურსი, რომ რეგულარულად გავიდეს ბაზარზე და შეამოწმოს ნიმუშები.
ჩვენი დაკვირვებით, სააგენტოსთვის მიმართვიანობა იმატებს და რაც მეტი იქნება მიმართვა, მით მეტი წარმატებული ქეისი გვექნება. მომხმარებლის აქტიურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.