აჭარის მთავრობის ხელმძღვანელისა და ბათუმის მერის შემდეგ, ქობულეთის მერმაც დატოვა თანამდებობა – ლევან ზოიძემ თორნიკე რიჟვაძისა და არჩილ ჩიქოვანის მსგავსად პოსტის დატოვებაზე ინფორმაცია ფეისბუკპოსტით გაავრცელა და მიზეზები არ განმარტა.
მან, ისევე როგორც მისმა უკვე გადამდგარმა თანაგუნდელებმა, მადლობა გადაუხადა პარტიას და აღნიშნა, რომ რჩება “ქართული ოცნების” გუნდის წევრად.
40 წლის ლევან ზოიძე ქობულეთის მერად არჩევამდე იუსტიციის სახლსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ ბიუროში მუშაობდა. 2019-2020 წლებში იყო ქობულეთის მერის პირველი მოადგილე.
სანამ ლევან ზოიძე პოლიტიკურ თანამდებობას დაიკავებდა, მამამისი, ავთანდილ ზოიძე, ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი იყო “ქართული ოცნებიდან”, მისი და კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
ლევან ზოიძის მიერ პოსტის დატოვებას წინ უძღოდა 13 მაისს ბათუმის მერის გადადგომა, 4 აპრილს კი აჭარის მთავრობის მეთაურისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელების წასვლა სახელმწიფო სამსახურიდან.
