საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ნაკლებად კმაყოფილია ჯანდაცვის სფეროში მიღებული მომსახურებით – ACTR-ის კვლევა

„ეისითი“ (ACTR) კვლევის ცენტრმა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა სახელწოდებით – როგორ აფასებს საზოგადოება მომსახურების ხარისხს საქართველოში, რომელიც ასახავს საქართველოში სერვისებისა და მომსახურების კუთხით მომხმარებელთა კმაყოფილების დონესა და მოლოდინებს.
„ეისითი კვლევის“ (ACTR) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობამ მომსახურების ხარისხი საშუალოზე მაღალი ქულით შეაფასა: 10-ბალიანი სკალით 7.04 ქულა, რაც 2023 წელთან შედარებით გაზრდილია 0.4 ქულით (2023: 6.64 ქულა).
კვლევის ფარგლებში გამოვლინდა მომსახურების ის სფეროები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს მომხმარებლის მოლოდინებს და ყველაზე დაბალი შეფასებები უფიქსირდება. საქართველოს მოსახლეობა 2025 წელს ყველაზე ნაკლებად კმაყოფილი არის ჯანდაცვის სფეროში მიღებული მომსახურებით:
– საავადმყოფოები, კლინიკები, ლაბორატორიები — 6.98 ქულა
– სადაზღვევო მომსახურება — 7.23 ქულა.
აღნიშნული მიუთითებს, რომ ჯანდაცვის სფეროში მომსახურება საჭიროებს გაუმჯობესებას და მომხმარებელზე უფრო მეტად ორიენტირებულობას.
ასევე, შედარებით დაბალი ქულებით ფასდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებით კმაყოფილება (7.62) და სუპერმარკეტებში, ჰიპერმარკეტებში, მინიმარკეტებში, მაღაზიებსა და მოლებში მიღებული მომსახურება (7.66).