„თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ „თავისუფლების მოედნის“ პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაციაზე უკვე რამდენჯერმე უარი განაცხადა.
მისივე შეფასებით, ეს ამტკიცებს, რომ „ქართულ ოცნებას” ახალი პოლიტიკური პარტიების ეშინია.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი “თავისუფლების მოედნის” რეგისტრაციაზე. ეს აჩვენებს იმას, რომ “ქართულ ოცნებას” რეალურად ეშინია პრინციპულად ახალი პოლიტიკური პარტიების და იმ ახალი ადამიანების, რომლებიც პოლიტიკაში სუფთა წარსულით მოდიან.
ჩვენ არ ვეკუთვნით და არ ვართ დაკავშირებული არცერთ სახელისუფლებო გუნდთან. ჩვენ სუფთა წარსულით მოვდივართ და გვინდა ამ ქვეყანაში შეიცვალოს არამხოლოდ ის, თუ ვინ მართავს ქვეყანას, არამედ ასევე ის, თუ როგორ იმართება ეს ქვეყანა, როგორ კეთდება პოლიტიკა.
მინდა მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს და თანამოაზრეებს, ჩვენ უახლოეს პერიოდში ჩავატარებთ ახალ ყრილობას და ყოველ ჯერზე რამდენჯერაც ჩვენს რეგისტრაციაზე „ქართული ოცნება“ უარს იტყვის, ჩავატარებთ კიდევ უფრო უკეთეს და მრავალრიცხოვან ყრილობას.
ასევე, ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, ამიტომ მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ამ ქვეყანაში იხილონ რეალურად ახალი პოლიტიკა, ახლებური პოლიტიკა და ახალი მცოდნე ადამიანები პოლიტიკური ცხოვრების სათავეში, უახლოეს პერიოდში ჩვენ გავავრცელებთ სარეგისტრაციო ბმულს და მოგიწოდებთ ყველანი დარეგისტრირდეთ ჩვენი პარტიის მომავალი ყრილობის დელეგატებად“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
