უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთავაზების მიუხედავად, რომელიც 12 მაისს უნდა დაწყებულიყო, რუსეთი კვლავ აგრძელებს თავდასხმას უკრაინის ქალაქებზე. მისი თქმით, 13 მაისის ღამეს ხარკოვში საგანგებო ოპერაცია მიმდინარეობს ენერგეტიკულ ობიექტზე დრონით თავდასხმის შედეგებთან საბრძოლველად.
ამის მიუხედავად, უკრაინელები სტამბოლში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციირებული პირდაპირი მოლაპარაკებისთვის ემზადებიან. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სურს პირადად შეხვდეს პუტინს, რადგან სწორედ პუტინია ის ადამიანი, რომელიც “ყველაფერს განსაზღვრავს რუსეთში”.
“საგანგებო საპასუხო ოპერაციები მიმდინარეობს ხარკოვში რუსული დრონის თავდასხმის შემდეგ. მორიგი დარტყმა ენერგეტიკულ ობიექტებზე, აბსოლუტურად სამოქალაქო სივრცეში. რუსეთი არის რუსეთი. როცა ყველა ელოდება რუსეთის პასუხს ცეცხლის შეწყვეტაზე და პირდაპირ მოლაპარაკებებზე, მათი პასუხია ახალი დარტყმები და თავდასხმები. სწორედ ამიტომ, ზეწოლა აუცილებელია. ახლა ჩვენი გუნდი აქტიურად ემზადება თურქეთში ვიზიტისთვის. დღეს, ჩვენ წარვუდგინეთ უკრაინის პოზიცია ყველა ჩვენს პარტნიორს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ხანგრძლივ და უპიროვო ცეცხლის შეწყვეტაზე ყველა მოწოდებას აქვს მნიშნელობა. ასეთივე მნიშნელობისაა მოწოდებები პირდაპირი მოლაპარაკებების უმაღლეს დონეზე გამართვისკენ. პუტინი არის ის, ვინც ყველაფერს განსაზღვრავს რუსეთში, ასე რომ, მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს ომის საკითხი. ეს მისი ომია. მაშასადამე, მოლაპარაკებები უნდა იყოს მასთან”, – თქვა ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართავში 13 მაისის საღამოს.
ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკების ინიციატივა 11 მაისს გააჟღერა. მან ბრიფინგი მას შემდეგ ჩანიშნა, რაც ევროპელმა ლიდერებმა – გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონთან, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებთან, კირ სტარმერმა და დონალდ ტუსკმა კიევში ვიზიტისას მხარეებს 30-დღიანი სრული ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზეს. უარის შემთხვევაში ისინი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მზაობა გამოთქვეს.
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. თუმცა, არ გამორიცხა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სწორედ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას მიაღწიონ. მან მოლაპარაკების დაწყების დროდ და ადგილად მან 15 მაისი და სტამბოლი განსაზღვრა.
