საკადრო ცვლილებები პროკურატურაში: ვინ არიან ახალდანიშნული მაღალჩინოსნები

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ უწყებაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა.
გენერალური პროკურორის თანაშემწედ დაინიშნა ზურაბ ბელთაძე. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მას პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 9-წლიანი გამოცდილება აქვს და ასევე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საადვოკატო საქმიანობაში.
თბილისის პროკურორი გახდა გიორგი გვარაკიძე, ვისზეც პროკურატურა წერს, რომ მანამდე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა იგი ასევე საქართველოს პროკურატურაში.
ღია წყაროებიდან ზურაბ ბელთაძის საადვოკატო საქმიანობის შესახებ უფრო მეტს გაიგებთ. მაგალითად:
· იცავდა ე.წ. „კორცხელის ინციდენტში“ მონაწილე პირებს. სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 2016 წლის 22 მაისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილი პირები, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული სპორტსმენები, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ს, სა და კიდევ რამდენიმე წევრს თავს დაესხნენ. სწორედ ბრალდებული სპორტსმენების ინტერესებს იცავდა სასამართლოში ზურაბ ბელთაძე.
· იცავდა თელავის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“, მიხეილ გრემელაშვილს, რომელიც 2020 წლის ზაფხულში დააკავეს ოჯახის წევრებზე, ცოლსა და შვილებზე ძალადობის, მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის ქონის ბრალდებით.
· იცავდა კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნებს, გიორგი მჭედლიშვილსა და ზურაბ ჩიტიშვილს, რომლებმაც 2022 წლის თებერვალში, კასპის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ძალის გამოყენებით გაყარეს.
თბილისის ყოფილი პროკურორი ლევან გეგეჭკორი სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს. ამის შესახებაც საქართველოს პროკურატურა იუწყება. როგორც შესაბამისი დეპარტამენტის უფროსი, იგი სამძებრო-საგამოძიებო საქმიანობებს უხელმძღვანელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში.
მალხაზ კაპანაძე კი, ვინც მანამდე აწ უკვე ლევან გეგეჭკორს ჩაბარებულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე გადაიყვანეს.