თბილისში „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა” 26-28 დეკემბერს გაიმართება

2023 წლის 26-28 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა” გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გახსნის და მასში მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, 2023 წლის ელჩების კონფერენციის მთავარი ფოკუსი ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
„მონაწილეები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოების და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურ, პრაქტიკულ ასპექტებსა და საქართველოს ახლებურ როლზე რეგიონში და ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა 2023 წელს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეულ სამუშაოებს და 2024 წლის გეგმებსა და ამოცანებს. საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს როლს რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამშვიდობო პოლიტიკას, ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან და სხვა.
სამუშაო სესიების ფარგლებში ასევე განხილული იქნება საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო მომსახურების, სახელმწიფოს მხრიდან ქართული დიასპორის ხელშეწყობის საკითხები და სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების საკითხები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსამართლეების – თეიმურაზ ტუღუშისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაციები – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას – მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს