რუსეთი 15 მაისს სტამბულში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის მზადებას განაგრძობს. ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, თუმცა უარი თქვა, ეპასუხა კითხვაზე, კონკრეტულად ვინ წარადგენს მოსკოვს ამ მოლაპარაკებებზე.
„როცა პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის, მერე განვაცხადებთ“, — თქვა პესკოვმა და დაამატა, — „აქ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რაც თქვა პრეზიდენტმა 9 მაისის აღსანიშნ ღონისძიებებზე. რუსული მხარე აგრძელებს მზადებას მოლაპარაკებებისთვის, რაც ხუთშაბათს შედგება. მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ.“
არსებობს მოლოდინი, რომ მოლაპარაკებებზე თურქეთში ერთმანეთს პირადად შეხვდებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი.
თურქეთში ჩასასვლელად მზადყოფნა გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც. მისი თქმით, ის მოლაპარაკებებზე დასწრებას განიხილავს, თუ დაინახავს, რომ მისი იქ ყოფნა შეთანხმებისთვის სასარგებლო იქნება.
ტრამპის განცხადებას თავის მხრივ ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტრამპის დასწრებას მოლაპარაკებებზე ძალიან დააფასებს, რომ ის თავად იქნება თურქეთში და იმედიც გამოთქვა, რომ რუსები შეხვედრას თავს არ აარიდებენ.
10 მაისს, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერებთან შეხვედრისა და მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცეცხლის შესაწყვეტად მზადაა. ევროპელმა ლიდერებმა პუტინს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზეს, უარის შემთხვევაში კი სანქციებსა და უკრაინის შეიარაღების გაზრდაზე მზაობა გამოთქვეს. რასაც პუტინმა სტამბულში მოლაპარაკებების განახლების შეთავაზებით უპასუხა რუსეთსა და უკრაინას შორის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. თუმცა, არ გამორიცხა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სწორედ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას მიაღწიონ.
პუტინს პერსონალურად გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი და განაცხადა, რომ მას პირადად ელოდება თურქეთში და მანამდე ელის რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტას.
პუტინს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონიც გამოეხმაურა და განაცხადა, შეუძლებელია დისკუსია მოსახლეობის დაბომბვის პარალელურად და რუსეთისგანაც ისეთსავე მკაფიო პასუხს ელის ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, როგორის უკრაინისგან აქვს.
Axios-ის ინფორმაციით, ზელენსკი თურქეთში მაინც ჩავა, თუ რუსეთის ხელისუფლება მანამდე ცეცხლს არ შეწყვეტს. თუმცა ზელენსკის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ზელენსკი სტამბულში რუსული მხრიდან მხოლოდ პუტინს შეხვდებოდა.
