წელს, 17-18 მაისს, ექსპო ჯორჯიას მე-4, მე-5 და მე-6 პავილიონებში “თბილისის ვისკის ფესტივალი” გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით, BMGTV-ს გადაცემა „საქმიანი დილას“ ღონისძიების თანადმფუძნებლები, ვლადიმერ თიბილაშვილი და ელგუჯა ქარუმიძე, ამასთან საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი, ლაშა რიჟამაძე სტუმრობდნენ.
ალკოჰოლური სასმელების ღონისძიება პირველად გასულ წელს ჩატარდა. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, წელს ღონისძიების ორგანიზატორებმა ფესტივალი მნიშვნელოვნად გააფართოვეს და საინტერესო აქტივობებით დატვირთეს. ღონისძიება მოიცავს არა მხოლოდ ვისკის, არამედ ისეთ მაღალალკოჰოლურ სასმელებს, როგორებიცაა ჯინი, რომი, ბრენდი და სხვა დისტილატები.
როგორც თბილისის ვისკის ფესტივალის თანადამფუძნებელი, ვლადიმერ თიბილაშვილი BMGTV-ს ეთერში საუბრობს, ეს არ არის მხოლოდ ვისკის ფესტივალი, ეს არის მაღალ ალკოჰოლური სასმელების ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნებიან როგორც ქართველი მაღალ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიები და იმპორტიორები, ამასთან საერთაშორისო კომპანიებიც.
მისი ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში 3 პავილიონიდან ორი სრულად ალკოჰოლურ სასმელებს დაეთმობა, ხოლო მესამე სივრცე სარეკლამო მიმართულებით იქნება დატვირთული. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს წელს 75-ზე მეტი სტენდი დახვდებათ.
“ეს არ არის მხოლოდ ვისკის ფესტივალი, ეს არის მაღალალკოჰოლური სასმელების ფესტივალი. ღონისძიებაში მონაწილეობენ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც არ არიან საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი და ახალ ბაზრებს ეძებენ. ასევე მონაწილეობენ ქართველი იმპორტიორები და კომპანიები, რომლებიც მაღალ ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებენ. ჩვენი სპონსორი კვლავ GD alco-ა, რომელიც ქართულ ბაზარზე დომინანტია. ამასთან, სპონსორები გვყავს „ალკორიუმი“ და „ვისკის სახლი“, აგრეთვე „ინტრეიდი“ და „სმაგლერსი“.
შარშან ღონისძიება მხოლოდ მესამე პავილიონში ტარდებოდა, სადაც 2000-მდე სტუმარს ვუმასპინძლეთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდი საცობი შეიქმნა. ამის თავიდან ასაცილებლად, წელს გადავწყვიტეთ, რომ გავფართოებულიყავით და ახლა უკვე მე-4, მე-5 და მე-6 პავილიონებში ვიქნებით წარმოდგენილი. აქედან, ორ ზონაში სრულად ალკოჰოლი იქნება წარმოდგენილი, ხოლო მესამე ზონა სარეკლამო მიმართულებით დაიტვირთება. გარდა ამისა, სივრცეში food court სივრცე იქნება გამოყოფილი, სადაც წარმოდგენილი იქნება ახალი ქართული ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „მეტაბლე“, რომელიც მომხმარებლებს თავის პროდუქციას შესთავაზებს. აგრეთვე გვექნება მოსაწევი ზონა, სადაც ორივე სიგარის იმპორტიორი კომპანია იქნება წარმოდგენილი, როგორიცაა „დავიდოვი“ და „ჰავანა კლაბიც“.
ფესტივალის განმავლობაში ერთ-ერთი ნაყინის კომპანია ტორფირებული ვისკის ბაზაზე დამზადებულ ნაყინს შემოგვთავაზებს. ასევე ტორფირებულ ვისკის ბაზაზე დამზადებულ შოკოლადებს წარმოადგენს კომპანია „ჩირიფრუტი“. გარდა ამისა, გვექნება მასტერკლასები, რომელსაც მომხმარებელს ქართული და უცხოური კომპანიები შესთავაზებენ, რომელზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლაა საჭირო“, – ამბობს ღონისძიების თანადამფუძნებელი და დასძენს, რომ ადგილზე მისულ სტუმარს ორი უფასო სასმლის ვაუჩერი გადაეცემა, რომლის დაგემოვნებასაც შეძლებენ. ღონისძიებაზე დასწრება ფასიანია და ბილეთები უკვე იყიდება.
“თბილისის ვისკის ფესტივალის” თანადამფუძნებელი, ელგუჯა ქარუმიძე ამბობს, რომ ღონისძიებას გარკვეულწილად შემეცნებითი დატვირთვაც ექნება, რასაც დაგეგმილი მასტერკლასებიც ხელს შეუწყობს.
მისივე თქმით, ორი დღის განმავლობაში ღონისძიება მუსიკალურად იქნება გაფორმებული. მათ შორის სცენა დაეთმობა შოტლანდიურ ფოლკლორსაც, რაც ღონისძიების დამფუძნებლის ცნობით, საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა.
“ღონისძიების ერთ-ერთი მიზანი ცნობიერების ამაღლებაა. მასტერკლასების განმავლობაში სტუმრები დეტალურად გაეცნობიან ყველა პროცესს, რადგან მომხმარებლებს მაღალალკოჰოლური სასმელების შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვთ.
შარშანდელის მსგავსად, წელსაც შოტლანდიური ფოლკლორი გვექნება, რაც საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა. თანაც 18 მაისს არის ეროვნული სამოსის დღე საქართველოში, შესაბამისად, ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ბაჩანა ჭანტურია იქნება ეროვნულ სამოსში წარმოდგენილი, ქართული ანსამბლით”, – აცხადებს ელგუჯა ქარუმიძე.
საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი, ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ ვისკის მოხმარება საქართველოს ბაზარზე მზარდია. ამასთან, გაზრდილია ცნობიერება და ადამიანები არა მხოლოდ მოიხმარენ არამედ ორიენტირებული არიან ახალი გემოების დაგემოვნებაზე.
“დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია თბილისის ვისკის ფესტივალის თანადამფუძნებლებთან პარტნიორობით მომხმარებლებს წელს ბევრად უფრო მასშტაბურ და კიდევ უფრო განსხვავებულ ვისკის ფესტივალს შესთავაზებს. ვფიქრობ, წლევანდელი ვისკის ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბურ დაინტერესებას პოვებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
სტატისტიკის მიხედვით, ის თუ რა გაყიდვებიც ჰქონდათ იმპორტიორებს და წარსულში რა რაოდენობის ასორტიმენტს სთავაზობდნენ, ახლა უკვე მონაცემი რადიკალურად შეცვლილია და ეს მონაცემი წლიდან წლამდე მზარდია. საზოგადოების დიდი ნაწილი ვისკის მიმართულებით გადაერთო“, – განაცხადა რიჟამაძე.
