თოკების ქალაქი, კარტინგები, Food Court ზონა… – რა სიახლეებს სთავაზობს მომხმარებლებს მთაწმინდის პარკი?

მთაწმინდის პარკი ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, მომხმარებლებს გასართობ თუ საკვებ ზონაში სიახლეებს სთავაზობს. ამის შესახებ პარკის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერმა ია თარხან-მოურავმა BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე საბაგიროს აღდგენაა, რაც არა მხოლოდ პარკისთვის, არამედ მთლიანად თბილისისათვის დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენაა.
რაც შეეხება ატრაქციონებს, მიმდინარე სეზონზე პარკში რიგი განახლებები განხორციელდა. მაისის შუა რიცხვებიდან საოჯახო ზონაში გაიხსნება ახალი ატრაქციონი — „თოკების ქალაქი“, რომელიც დამსვენებელს დამატებით გართობის შესაძლებლობას მისცემს. ასევე, უკვე ფუნქციონირებს პლანეტარიუმი და კარტინგის ტრასა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ახლად გახსნილი Food Court ზონა, რომელიც ტირების ძველ ადგილას მოეწყო. სივრცე ჯერ სატესტო რეჟიმში მუშაობს და უკვე რამდენიმე „ვენდორია“ განთავსებული. ტირების ზონა კი ახალ ლოკაციაზე, ბორბალთან ახლოს განთავსდა.
ია თარხან-მოურავის ინფორმაციით, Food Court ზონის პროექტის ჯამური ღირებულება 4 მილიონ დოლარს შეადგენს. ხოლო პროექტის ავტორი, არქიტექტორი მამუკა ჩხაიძეა.
„ცოტა ხნის წინ, სატესტო რეჟიმში Food Court-ის საკვები სივრცე გავხსენით. სივრცე 7 მოიჯარეს აერთიანებს, რომელთა ძირითადი ნაწილი ქართული კომპანიაა. ობიექტი მომხმარებლებს ადგილზე დასხდომის შესაძლებლობას აძლევს.
ამ ეტაპზე, ყველა ატრაქციონი გამართულად და აქტიურ რეჟიმში მუშაობს და ყოველდღიურად მიმდინარეობს ტექნიკური შემოწმება. ამას გარდა, ყოველწლიურად გვყავს უცხოელი სპეციალისტები მოწვეული, რომლებიც დეტალურად ამოწმებენ ატრაქციონებს და რეკომენდაციებს გვაძლევენ“, – აღნიშნა ია თარხან-მოურავმა.
რაც შეეხება დასაქმებულებს, მთაწმინდის პარკში დღესდღეობით სტაბილურად დაახლოებით 160 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად დამატებით 40-60 ადამიანი, ძირითადად სტუდენტები. გარდა ამისა, პარკში 80-მდე მოიჯარეა, რომელთაც საკუთარი გუნდი ჰყავთ.