აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ შესაძლოა თურქეთში გაემგზავროს, რათა ხუთშაბათს, 15 მაისს დაგეგმილ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწროს.
ტრამპმა განაცხადა, რომ დასწრებას განიხილავს, თუ დაინახავს, რომ მისი იქ ყოფნა შეთანხმებისთვის სასარგებლო იქნებოდა.
“ჩავიდოდი თურქეთში თუ ვიგრძნობდი, რომ ეს შეთანხმების მისაღწევად მნიშვნელოვანი იქნებოდა. მე ვიყავი ის, ვინც შეხვედრის დაჟინებით მოითხოვა…
მათ შეხვედრა ვერ შეძლეს, რადგან ერთი როცა ცეცხლის შეწყვეტას უჭერდა მხარს, მეორე ამბობდა, რომ ცეცხლს არ შეწყვეტდა. მე ვუთხარი: მისმინეთ, ამ ეტაპზე ეს უნდა შევაჩეროთ. უბრალოდ წადით შეხვედრაზე. შეხვედრა დაინიშნა. არ ვიცი, სად ვიქნები ამ კონკრეტულ მომენტში (ხუთშაბათს), ახლო აღმოსავლეთში ვიქნები, მაგრამ იქ გავფრინდები, თუ ვიფიქრებ, რომ ეს სასარგებლო იქნება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.
ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან აღნიშნა, რომ ხუთშაბათს ის თურქეთში იქნება და იმედი აქვს, რომ რუსები შეხვედრას თავს არ აარიდებენ.
I have just heard President Trump’s statement. Very important words. I supported @POTUS idea of a full and unconditional ceasefire — long enough to provide the foundation for diplomacy. And we want it, we are ready to uphold silence on our end. I supported President Trump… — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 12, 2025
“ახლახან მოვისმინე პრეზიდენტ ტრამპის განცხადება – ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები.
მე მხარი დავუჭირე აშშ-ის პრეზიდენტის იდეას სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ – საკმარისი დროით, რათა დიპლომატიისთვის საფუძველი შეიქმნას. ჩვენ ეს გვინდა, ჩვენ მზად ვართ.
მე მხარი დავუჭირე პრეზიდენტ ტრამპს პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების იდეაშიც. ღიად გამოვთქვი, რომ მზად ვარ შეხვედრისთვის. მე თურქეთში ვიქნები. იმედი მაქვს, რომ რუსები შეხვედრას თავს არ აარიდებენ.
და რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანი უკრაინაში დააფასებს, თუ პრეზიდენტი ტრამპი ჩვენთან ერთად იქნება თურქეთში ამ შეხვედრაზე”, – დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
