„ტვ პირველის“ ჟურნალისტის, მარიამ მაკასარაშვილის თანახმად, მას და ტელეკომპანიის ოპერატორს თავს დაესხა და ტექნიკა წაართვა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილის გიორგი შინჯიკაშვილის მამამ.
მარიამ მაკასარაშვილის თანახმად, “ტვ პირველის” გადამღები ჯგუფი მარტყოფში იმყოფებოდა, შინჯიკაშვილის სახლთან, მის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გასარკვევად.
მარიამ მაკასარაშვილის თანახმად, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ წაართვა პირადი მობილური ტელეფონი, ტელეკომპანიის ოპერატორს კი კამერა.
მაკასარაშვილის მონაყოლით, გიორგი შინჯიკაშვილის სახლში იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები, ტელევიზიის ჯგუფთან კომენტარი შინჯიკაშვილის მამამ გააკეთა. ინტერვიუს დასრულების შემდეგ, უკვე როდესაც ადგილზე კადრებს იღებდნენ შინჯიკაშვილის მამა მათ მოულოდნელად დაესხა თავს.
„მოულოდნელად გახდა აგრესიული ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართ. ის გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. თავდაპირველად ჩემს ოპერატორს წაართვა ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა და ამის შემდეგ, როდესაც დამინახა, რომ ოპერატორის გვერდით ვიყავი და ჩემი მობილური ტელეფონი მეჭირა ხელში, ეს მობილური ტელეფონიც გამომართვა. გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ხელიც კი გამარტყა”, – ჰყვება მარიამ მაკასარაშვილი „ტვ პირველთან“ კომენტარში.
მისი სიტყვებით, სახეზე დაზიანებაც ეტყობა. ჟურნალისტის თქმით, მომხდარი შეატყობინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა შეტყობინებიდან 15 წუთის შემდეგაც ადგილზე არავინ მისულა, მათი ტექნიკა კი შინჯიკაშვილის სახლში იყო დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.
რადიო თავისუფლება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, განუცხადეს, რომ გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო და ჟურნალისტს დღესვე გამოჰკითხავენ.
„სრული განუკითხაობა ქვეყანაში!”,- ასე გამოეხმაურა მომხდარს „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძე ფეისბუკის გვერდზე.
მოგვიანებით, ტვ პირველთან საუბარში მარიამ მაკასარაშვილმა. რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილში იმყოფებოდა, განუცხადა რომ ტექნიკა დაუბრუნეს.
სამედიცინო შემოწმებისთვის კი კლინიკაში გადაჰყავთ, ვინაიდან შინჯიკაშვილის მამის მიერ სახეში ჩარტყმული მუშტის გამო თავბრუს ხვევა აქვს.
“მუშტი მოიქნია და მთელი სიძლიერით მომარტყა თავისა და სახის არეში, იმწამსვე ვიგრძენი რომ თავბრუ მეხვეოდა, თავბრუსხვევაც მაქვს, თავის და თვალის ძლიერი ტკივილი მაქვს”, – ამბობს მარიამ მაკასარაშვილი.
მაკასარაშვილის მონაყოლით, ტექნიკა დაუბრუნეს ადამიანებმა, რომლებიც შემთხვევის შემდეგ მოვიდნენ ავტომობილით, რომელსაც დაბურული შუშები ჰქონდა, შევიდნენ შინჯიკაშილის სახლში და ტექნიკა გამოიტანეს.
“გვეკითხებოდნენ, რატომ მოხვედით აქ და “ხარებაზე” კითხვებს რატომ სვამდითო”, ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, “ხარებას ხსენებამ გამოიწვია თუ არა გაღიზიანება”, მარიამ მაკასარაშვილმა უპასუხა, რომ ეს იყო მიზეზი.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გიორგი შინჯიკაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დღეს 12 მაისს გამოაქვეყნა. თანამდებობის დატოვების მიზეზად ის პირად გადაწყვეტილებას ასახელებს და მიზეზებს არ ხსნის.
გიორგი შინჯიკაშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს (“ხარება”) შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას მედია დაახლოებით ერთი წლის წინ ავრცელებდა. მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების თაობაზეც.
