დასაქმების პლატფორმებზე ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა – „ყველაზე მკვეთრი კლება მარტში იყო“ (bm.ge)
დასაქმების ონლაინ პლატფორმებზე ვაკანსიების რაოდენობა 2025 წლის პირველ კვარტალში შემცირებულია. როგორც hr.ge-ის ვებ განყოფილების გაყიდვების დირექტორმა, ინგა შახბაზიანმა BMGTV-ის გადაცემაში “ქალების ნარატივი” აღნიშნა, წლევანდელი პირველი კვარტალი 6%-ით ნაკლები აქტივობით გამოირჩეოდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
შახბაზიანის განცხადებით, 2025 წლის I კვარტალში პლატფორმაზე დაახლოებით 12 000 ვაკანსია იყო განთავსებული. წინა წელთან შედარებით, ყველაზე მკვეთრი კლება მარტში დაფიქსირდა – ვებგვერდზე 17%-ით ნაკლები ვაკანსია დაიდო. აპრილში კლება შედარებით მსუბუქია და 10%-ს შეადგენს, თუმცა მარტთან მიმართებით 1%-იანი ზრდა შეინიშნება.
“მიუხედავად იმისა, რომ აპრილისთვის მეტი აქტივობის მოლოდინი გვქონდა, პლატფორმაზე მხოლოდ 4 200-მდე ვაკანსია დაიდო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით ნაკლებია,“ – აცხადებს შახბაზიანი.
რაც შეეხება მაისს, დასაქმების ბაზარზე პოზიტიური მოლოდინებია, თუმცა აქტივობის შეფასებისთვის, შახბაზიანის აზრით, ჯერ ადრეა. მისივე ცნობით, ტრადიციულად, მაისი და ივნისი ის პერიოდია, როდესაც კომპანიები ზაფხულის პასიური თვეებისთვის – ივლისისა და აგვისტოსთვის კადრების დაკომპლექტებას ცდილობენ. განსაკუთრებით აქტიურობენ ჰორეკა და საცალო ვაჭრობის სექტორები, სადაც ვაკანსიების ძირითადი ნაწილი ისეთ დენად პოზიციებიებზეა გამოცხადებული, როგორიცაა მიმტანი, ბარმენი და მზარეული.
“აღსანიშნავია, რომ ჰორეკა სექტორი, რომელიც 2024 წლის ბოლო კვარტალში 40%-იანი ვაკანსიების კლებით კრიზისულ მდგომარეობაში იყო, ხოლო 2025 წლის მარტიდან, ტენდენცია ეტაპობრივად გააქტიურდა. დღეს ეს სექტორი ყველაზე აქტიურია და პირველად გადააჭარბა გაყიდვების მიმართულებას – ჰორეკას წილი 19%-ს შეადგენს, გაყიდვებს კი 18%”, – აღნიშნა hr.ge-ის ვებ განყოფილების გაყიდვების დირექტორმა.
საგულისხმოა კიდევ ერთი ტენდენცია, კერძოდ პლატფორმაზე მაღალი და საშუალო რგოლის ვაკანსიების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. მისივე პროგნოზით, კომპანიები თავს იკავებენ ამ კატეგორიის პოზიციების გამოცხადებისგან. თუმცა, ინგა შახბაზიანი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კომპანიების ცნობიერება ამაღლებულია და სულ უფრო ხშირად უთითებენ ვაკანსიებში დეტალურ ინფორმაციას, მათ შორის ანაზღაურებას, სარგებელსა და ლოკაციას, რაც ადრე ასე არ იყო.
hr.ge-ის ვებ განყოფილების გაყიდვების დირექტორის ინფორმაციით, ვაკანსიების მხოლოდ 39%-ს აქვთ ანაზღაურება თან დართული, რაც საკმარისი არ არის, რომ ანაზღაურების მზარდ ან კლებად ტენდენციებზე ისაუბროს.
