12 მაისი მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღეა

მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღე, გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით, 12 მაისს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის 2025 წლის თემაა: ჯანსაღი მცენარე – ერთიანი ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი რგოლი.
„სასოფლო-სამეურნეო კულტურების 40 პროცენტს მცენარეთა მავნებლები აზიანებენ, რაც აფერხებს სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, აზიანებს ბიომრავალფეროვნებას, გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებასა და საარსებო წყაროებზე. მავნებლების გავრცელების პრევენციის და მართვის პროცესში პესტიციდები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. თუმცა, მათი გადაჭარბებული გამოყენება და ცუდი მართვა კვლავაც გლობალურ გამოწვევად რჩება, რადგან აზიანებს ბიომრავალფეროვნებას და საფრთხეს უქმნის გარემოს სიჯანსაღეს. მცენარეები სიცოცხლის წყაროა – ჩვენი საკვების 80 და ჟანგბადის 98 პროცენტს სწორედ მცენარეებისგან ვიღებთ. მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ყველა რგოლის ჩართულობა ჯანსაღის გარემოს შენარჩუნებაში“, – აღნიშნულია გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო უერთდება და სრულად იზიარებს ორგანიზაციის გზავნილებს.
მცენარეთა სიჯანსაღის და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია ფერმერების ცნობიერების ამაღლება პესტიციდების სწორად და ზომიერად გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოში რეგისტრირებულია და გამოიყენება ევროკავშირსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში დაშვებული პესტიციდები. პესტიციდების ხარისხის კონტროლის მიზნით, ყოველწლიურად მოწმდება ქვეყანაში არსებული 600-მდე სპეციალიზებული ობიექტი. 2025 წელს შემოწმდა 231 ობიექტი; გამოვლენილი დარღვევბის გამო, 23 ობიექტი დაჯარიმდა; სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგის ფარგლებში, სურსათში პესტიციდების ნარჩენების გამოვლენის მიზნით, ყოველწლიურად, 400- მდე ნიმუშის გამოკვლევა ხდება; მიმდინარე წელს უკვე გამოკვლეულია 113 ნიმუში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, გამოკვლეულ ნიმუშებში, სურსათში პესტიციდების ნარჩენების დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობა არ ფიქსირდება.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს