ქართული სანელებლების მწარმოებელი კომპანია Waime Spices საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოვდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გოგიამ BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, გაზრდილი საექსპორტო მოთხოვნის ფონზე, კომპანიამ ორი ახალი ბაზარი – შვეიცარია და სლოვაკეთი დაიმატა, პარალელურად კი, ლატვიის ბაზარზეც განაგრძობს პროდუქციის მიწოდებას.
„წელს, ექსპორტზე აშკარად გვაქვს მოთხოვნა გაზრდილი. შვეიცარიაში, ლატვიასა და სლოვაკეთში ვაგზავნით სანელებლებს. ამ ბაზრებიდან შვეიცარიასა და სლოვაკეთში პირველი გასვლა იყო. წინა წლებთან შედარებით ძალიან გაზრდილია მოთხოვნა“, – აღნიშნა გიორგი გოგიამ.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ახალ საექსპორტო ბაზრებზე პირველ ეტაპზე 500-500 კილოგრამი – ერთი პალეტი პროდუქცია გაიგზავნა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, მოთხოვნის ზრდა არამხოლოდ საერთაშორისო, არამედ ადგილობრივ ბაზარზეც შეინიშნება.
„ანალიზი ჯერ არ გაგვიკეთებია, თუმცა აშკარაა მოთხოვნის მატება. ახლა უკვე ტურისტული სეზონიც იწყება და ველოდებით, რომ ეს მოთხოვნასა და გაყიდვებზეც აისახება“, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.
