პოლონეთი რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს ვარშავის სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენაში

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 11 მაისს, ღამით სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ უკვე ზუსტად იციან, რომ ხანძარი ს სპეცსამსახურების დაკვეთით გააჩინეს.
ვარშავის სავაჭრო ცენტრში ზუსტად ერთი წლის წინ, 2024 წლის 12 მაისს გაჩენილმა ხანძარმა 1400 მაღაზია და მომსახურების ცენტრი გაანადგურა. საქმეს პროკურატურა, პოლიცია და შიდა უსაფრთხოების სააგენტო იძიებენ.
დონალდ ტუსკის ინფორმაციით, ზოგიერთი დამნაშავე უკვე დაკავებულია, დანარჩენების ვინაობა დადგენილია, მათ ეძებენ და მიაგნებენ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაშ სემონიაკმა სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა მისი, იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორის ერთობლივი განცხადება, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ეხება.
მინისტრები და გენერალური პროკურორი მტკიცებულებების საფუძველზე აცხადებენ, რომ ხანძარი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დაკვეთილი და დამნაშავეთა ქმედებებს ორგანიზებას უწევდა რუსეთის ფედერაციაში მყოფი პირი, რომლის ვინაობა დადგენილია. განცხადების თანახმად, დამნაშავეთა ნაწილი დაკავებულია, ნაწილი კი იდენტიფიცირებულია და მათი ძებნა გრძელდება.
დაკავებულთა რიცხვს და რაიმე სხვა დეტალებს პოლონეთის მთავრობა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს. რუსეთს ამ ბრალდებაზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია.
ფორუმი